მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძეზე წერს - რა ქნას, მოშივდა საბრალოს
მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძეზე წერს - რა ქნას, მოშივდა საბრალოს

რა ქნას, მოშივდა საბრალოს, პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების ყველაზე ადვილი მეთოდი რა იყო? – სააკაშვილის ლანძღვა, იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნული პოსტით სააკაშვილი ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ „სააკაშვილის გასწორება არ იქნება, გააცდინა დრო, როცა ეგონა, შეცვლიდა“.

„რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? – სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერჯერობით ივანიშვილის საქართველოში… არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორე მერე, გაჭირდება ეგ ამბავი“, – წერს სააკაშვილი, რომელიც აზიარებს ერთ-ერთი მედიასაშუალების გვერდს, სადაც გიორგი ვაშაძის კომენტარია გავრცელებული:

„მიხეილ სააკაშვილმა არც აქამდე მისცა და არც არასდროს აძლევს გასაქანს ახალი თაობის მიდგომებს ნაცმოძრაობაში. ის საკუთარი თავის იქით ვერ ხედავს და არ უნდა, რომ დაინახოს ლიდერობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ნაციონალურ მოძრაობას განვითარების პერსპექტივა არ აქვს. ეს თავის დროზე ვცადე მეც, სცადეს სხვებმაც. ვფიქრობ, ჩემს პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე დიდი დრო, რაც გავაცდინე, ეს იყო 2018-2020 წლები, როცა მეგონა, რომ მას შევცვლიდი. მისი გასწორება არ იქნება. ვწუხვარ, მინდოდა, რომ სხვანაირი ყოფილიყო მისი როლი, მაგრამ სამწუხარო რეალობა არის ეს“, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი.

 

დატოვე კომენტარი