მიხეილ სააკაშვილი - ღონისძიება ბრწყინვალედ იყო ჩატარებული, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღე უკეთეს ფორმაში მოდის, უმაგრესი გამოსვლები ჰქონდათ ხაბეიშვილს, ვაშაძეს, ხარჩილავას, ბოკუჩავასა და სხვებს
მიხეილ სააკაშვილი - ღონისძიება ბრწყინვალედ იყო ჩატარებული, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღე უკეთეს ფორმაში მოდის, უმაგრესი გამოსვლები ჰქონდათ ხაბეიშვილს, ვაშაძეს, ხარჩილავას, ბოკუჩავასა და სხვებს

გუშინდელი ღონისძიება იყო ბრწყინვალედ ჩატარებული და იყო ძალიან ზუსტი დადასტურება იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ ყოველდღე სულ უკეთეს ფორმაში მოდის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „უმაგრესი გამოსვლები ჰქონდათ ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, გია ხარჩილავას, თიკა ბოკუჩავასა და სხვებს“.

„მანიფესტს რაც შეეხება, მთლიანად ვეთანხმები მის ტექსტს ერთი არსებითი მოსაზრების გათვალისწინებით. ერთი მხრივ, არჩეული ორგანოები უდავოდ ლეგიტიმურია, მეორე მხრივ, მაქსიმალურად ფართო ჩართულობისთვის საჭიროა პოლიტსაბჭოს გაფართოება, მათ შორის, იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით „ნაცმოძრაობის“ წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები.

რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის შემდეგ შეწყდება ერთმანეთზე თავდასხმა და ყველანი ერთად ვიბრძოლებთ საერთო მტრის წინააღმდეგ.

მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე და ძალიან გამიხარდება, თუ მაქსიმალურად ბევრი ვიქნებით ამ ბრძოლაში“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.