არა მხოლოდ დიქტატურაა კრიზისში, არამედ ოპოზიციაც უმძიმეს კრიზისშია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშილი აღნიშნავს, ოპოზიცია გადაიქცა ტელეეთერებიდან და „ფეისბუქებიდან“ მოსაუბრე პოლიტმიმომხილველებად, რომლებიც ერთმანეთთან გადაკიდებულ „კუტოკებადაა“ დაყოფილი.
„ასეთი უპრეცედენტო უტიფარი ძალის პირისპირ ჩვენი ბრძოლის ფორმებიც უპრეცედენტო უნდა იყოს. ესაა რადიკალური მოქმედების და არა სანახევრო ზომების, საშუალების ან ნაცნობი კლიშეების გამეორების დრო. დღევანდელმა განაჩენმა ყველა უნდა ჩაგვაფიქროს ჩვენი ტაქტიკის და სტრატეგიის ჩავარდნაზე. არა მხოლოდ დიქტატურაა კრიზისში, არამედ ოპოზიციაც უმძიმეს კრიზისშია. ის გადაიქცა ტელეეთერებიდან და „ფეისბუქებიდან“ მოსაუბრე პოლიტმიმომხილველებად, რომლებიც დამატებით კიდევ ერთმანეთთან გადაკიდებულ „კუტოკებადაა“ დაყოფილი. სამწუხაროდ, ეს დიდწილად ეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც“, რომელიც თავიდან დავაფუძნეთ, როგორც ფართო სახალხო მოძრაობა და ახლა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჩაკეტილია საკუთარ თავში და რეგიონებშიც თუ გადიან ლიდერები, ისევ საკუთარი ძველი აქტივის სანახავად და ერთმანეთის გასამხნევებლად.
ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება ჩვენს საფუძვლებთან დაბრუნება. რევოლუციური ტალღა, რომელიც ჩვენ თავის დროზე ავაგორეთ, ეფუძნებოდა ჩვეულებრივ მშრომელ ხალხს. მათ, ვინც დღე-ღამეს პარტიაში ასწორებდა და იდაყვებით ანგრევდა კორდონებს. ისინი არ მოსულან ვაკე-ვერიდან და დასავლური უნივერსიტეტებიდან. ჩვენ მაშინ თავიდან გავიცანით ჩვენი ქვეყანა, მაშინ შევდექით ერად, რომელსაც წარმოდგენა ჰქონდა თავისი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ახლა ისევ თავიდან გვაქვს გასაცნობი ეს ქვეყანა და თავიდან ასაგები ის ადამიანური ინფრასტრუქტურა, რომელიც „მერიოტებში“ კი არ შეიკრიბება, არამედ სოფლიდან ამბავს მოიტანს და სხვა ქუჩებზე, სხვა ტრაექტორიებით სიარულს არ ითაკილებს, ვინც, სოციალურ ქსელებში აქტივობის გარდა, რამეს მაქნისი იქნება, მათ შორის, ფიზიკურად მაქნისი, და ბმა ექნება მეწაღესთან, მწვანილის გამყიდველთან, ლტოლვილთან, ექთანთან და ა.შ.
სხვათა შორის, ყველაზე ობიექტურ ინფორმაციას დღესაც ვიღებ ვერაზე მდებარე პატარა (ატელიეს) მფლობელისგან, რომელიც ადრე მეწაღე იყო და ჩემი ძველი მეგობრებისგან, მცხეთის სალობიედან. ჯერ ჩვენ უნდა მოვიგოთ რიტორიკული ომი, რასთან ჯერ ახლოსაც არ ვართ. „ქოცებმა“ წაგვართვეს და „დაგვიჰაკეს“ იდენტობის ნარატივი და ეს გვაქვს უკან გამოსაბრდღვნელი. „ევროპა გვინდა/გვიშველის“ ნარატივი არაა. ჩვენ ვერ ვიგებთ საინფორმაციო ომს, იმიტომ, რომ ელემენტარული წარმოდგენა გვაქვს ჩვეულებრივ ადამიანებზე.
ოპოზიცია გამოკეტილია თავის კომფორტულ ვირტუალურ რეალობაში და „ქოცების“ მიერ ჩადენილ ყოველდღიურ ბოროტებაზე ისეთ ენაზე საუბრობს, რომელიც ხალხს საერთოდ არ ესმის. ამ გაუგებარი ენის ფონზე საშუალო სტატისტიკური ქართველი აგრძელებს ერთისა და იმავე ფრაზის წარმოთქმას – „მთავარია მშვიდობა იყოს“, რაც ითარგმნება, რომ „ქოცები“ არიან თურმე მშვიდობის ბურჯები და დანარჩენი ყველანი „ამრევები“. ახლა გვჭირდება ჩვეულებრივი ადამიანებისგან მოპოვებული „სადაზვერვო“ ინფორმაცია. ადრე ამას მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი ახერხებდა, ამისთვის ახალი ალტერნატიული ადამიანური ინფრასტრუქტურაა გასაკეთებელი. ახალი ნარატივია საჭირო „ევროპა გვინდა“-ს მიღმა, თორემ ახლა საკუთარი აბსტრაქტული სლოგანების ექო გვესმის მარტო“, – წერს სააკაშვილი.
მისივე თქმით, ერთსა და იმავე წრეზე სიარული და კლიშეებით ხელმძღვანელობა დამღუპველია, საპროტესტო მოძრაობას სჭირდება „კუტოკებს“ მიღმა გასვლა და ფართო ადამიანური ქსელის შექმნა.
„ფაქტია, რომ ბევრი პოლიტიკური ლიდერის ხალხთან ურთიერთობა დღეს შემოიფარგლება რუსთაველის შეთხელებულ პროტესტთან ძვირადღირებული მანქანით და დაცვის თანხლებით შევლაში, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ოპოზიციონერობა სარფიან თვითდასაქმებად გადაიქცა, რაც ასევე აძლიერებს გაუცხოებას („ნაციონალურ მოძრაობაში“ 2003-ში საჭმლის და დანგრეული მანქანებისთვის საწვავის ფულს ძლივს ვშოულობდით).
ფაქტია, ერთსა და იმავე წრეზე სიარული და კლიშეებით (თუნდაც წარმატებული „ვარდების რევოლუციის“ კლიშეებით) ხელმძღვანელობა დამღუპველია. საპროტესტო მოძრაობას სჭირდება „კუტოკებს“ მიღმა გასვლა და ფართო ადამიანური ქსელის შექმნა, თავისი აქტიური ადამიანთა ჯგუფებით, სპიკერებით ყველა სეგმენტისთვის, რაც მთავარია, ობიექტური ინფორმაციის მოსაპოვებლად ნამდვილ განწყობებზე. და, ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროტესტს უნდა შეეძლოს თავისი თავის ფიზიკურად დაცვა ძალადობისგან და ამაზე უარის თქმა ბრუტალური დიქტატურის პირობებში თვითმკვლელობის ტოლფასია.
უკბილო პროტესტი კბილებალესილი მოძალადე ბანდის წინააღმდეგ ყოველთვის დაგვიმთავრდება მორიგი მარცხით და ფრუსტრაციით. იგივე 4 ოქტომბრის პრობლემა იყო არა რადიკალიზმი, არამედ არასაკმარისად მომზადებული, არასაკმარისი რადიკალიზმი. ამ ისტორიულ ბრძოლაში წარმატებას მოიპოვებენ არა „ვეიკელები“, არამედ ჩვეულებრივი ხალხის წიაღიდან გამოსული, არაგაზულუქებული, თავზეხელაღებული, პატრიოტი, შემოქმედი ადამიანები, რომლებიც არ იქნებიან მეინსტრიმის ნაწილი და პირიქით, მთლიანად უარყოფენ რეჟიმის და დღევანდელი ოპოზიციის გამაერთიანებელ მეინსტრიმს და რეალურად შექმნიან თავის, სტერეოტიპებისგან თავისუფალ კონტრდამკვიდრებულ კულტურის სივრცეს და გაანგრევენ ამ კედელს, რომელსაც მოქმედი ოპოზიცია, უკვე 14 წელია, თავს არტყამს და ვერაფერს სწავლობს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.