მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის სესხთან დაკავშირებით - სკოლაში კარგად ვსწავლობდი და მახსოვს იგავი, მჟავე იყო ის ყურძენი და მომტეხდა კბილებსაო
დაწყებული ავღანეთიდან და ამერიკიდან, დამთავრებული ევროპით, ყველა ჩემი კონტაქტი უცხოელებთან იყო მცდელობა ქართველების დახმარების, რომელშიც ესენი მიშლიან ხელს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„ვუშოვე ვაქცინები ევროპაში, ამათ დარეკეს არ გვინდაო, თავი დაგვანებეთო, ვუშოვე თვითმფრინავები ხალხის ევაკუაციისთვის, გახარია იყო მაშინ პრემიერი, უშენოდაც ყველაფერს გავაკეთებთო. რაში სჭირდება ჩემი მცდელობა იმას, რომ ამათ შეუჩერონ დახმარება, ღარიბაშვილის დანახვა საკმარისზე მეტია, რათა ყველას ჩამოუყალიბდეს თავისი აზრი. მე, ამათგან განსხვავებით, სკოლაში კარგად ვსწავლობდი და ეს იგავი მახსოვს, როცა მელაკუდა ვერ მიწვდა ყურძენს, დარჩა ამოძუებული, მაგრამ მაინც არ გაიტეხა კუდიანმა ვითომ გული და ურცხვად ეს დაიკვეხნა, რომ არ ვჭამე, კარგი ვქენი, გეფიცებით შვილებსაო, მჟავე იყო ის ყურძენი და მომტეხდა კბილებსაო. აი ეს არის ზუსტად ივანიშვილის და მისი მთავრობის დამოკიდებულება ევროკავშირთან. მწარე იყო ის ყურძენი და მომტეხდა კბილებსაო. ვინ აძლევდა ყურძენს, ვერ წვდებოდნენ და ვეღარც მიწვდებიან ეს ოროსნები მართლა“, – განაცხადა სააკაშვილმა.