მიხეილ სააკაშვილი – დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება, მგლები დაიზარდნენ, ემზადებიან, რათა დაასრულონ ტურებისა და ჰიენების მმართველობა

13:30, 28.09.2026

გუშინ იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში უდიდესი ტრაგედიის – სოხუმის დაცემის დღე. მუდმივად ვიხსენებთ იმ ტრაგიკულ მოვლენებს, ჩვენი მტერიც მუდმივად გვახსენებს მათ და ამით გვეუბნება: არც კი გაბედოთ ბრძოლა, ხელის განძრევა, რადგან  მაინც წააგებთ, მაინც დაგაჩმორებთ. მე მოვედი აქ, რათა გითხრათ – ჩვენს გენეტიკურ კოდში არაა ჩმორობა. ჩვენ არ ვართ ჩმორები და ვერ დაგვაჩმორებთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ქართველი ერი დაბადებულია თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, გამარჯვებისა და წარმატებისთვის.

„ახლაც გამარჯვების გარდა, ჩვენ გამოსავალი არც გვაქვს. რომ დავუბრუნდეთ სოხუმს და აფხაზეთს: რაც მოხდა იქ, იყო კულმინაცია იმისა, რაც მოხდა 90-იან წლებში, კერძოდ – გადატრიალებამ, სახელმწიფოს არქონამ, კრიმინალმა, ღალატმა, დანაწევრებამ, საერთაშორისო იზოლაციამ მიგვიყვანა სწორედ სოხუმის და აფხაზეთის ტრაგედიამდე. მე მაშინ, 1992-ში, 93 წლის ზაფხულამდე, ხშირად დავდიოდი სოხუმში, აფხაზეთში, ვმუშაობდი ამ თემების გარშემო, მე არ მეჭირა ხელში იარაღი, ვეხმარებოდი გია ბარამიძეს ტყვეების გადაცვლაში. სხვათაშორის, მის საპატივცემულოდ, სოლიდარობის ნიშნად მოვიზარდე წვერი, იმიტომ, რომ ბოლო ხანებში სულ ვაკრიტიკებდი წვერის გამო, მეგონა, წვერი აბერებდა. სხვათა შორის, იგივე გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც, ლევანიც არის წვერ-ულვაშიანი.

მე კარგად მახსოვს მაშინდელი სოხუმი. მე ჯერ მახსოვს ჩემი ბავშვობის სოხუმი. დედაჩემთან ერთად აჭარული ხაჭაპურის ჭამა სოხუმის ბულვარში, ჩემს დიდ ბებია და ბაბუასთან ერთად დავდიოდი გაგრაში, სილაღე, სიფერადე და მე მახსოვს ომისდროინდელი სოხუმი – სრულიად შავ-თეთრი, მკვდარი ქალაქი. მაშინ დავდიოდი ტყვეების გაცვლაზე. მახსოვს სოხუმის დაცემის დღე.

ეს რეჟიმი ხშირად ადარებს აფხაზეთის ომს 2008 წლის ომს. ერთადერთი, საერთო იყო ჩვენი ხალხის არნახული, წარმოუდგენელი გმირობა. სხვა ყველაფერში 2008 წელი იყო სრულად საპირისპირო. განსხვავებით 90-იანებისგან, ამჯერად გვყავდა ნამდვილი ჯარი. რუსეთს მოუწია ნიღბის ჩამოხსნა, მთელი თავისი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია და ღია აგრესიის განხორციელება, რითაც წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა საკუთარ რეპუტაციას. შემოვიდა, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად, საქართველოს დასაპყრობად, ჩემს მოსაკლავად, ქართული რეფორმების შესაჩერებლად, ერის ნამდვილი იმედების და ოცნებების დასასრულებლად. და ეს 2008 წლის 8 აგვისტოს კონდოლიზა რაისთან საუბარში პირდაპირ თქვა ლავროვმა: „ჩვენი მიზანია საქართველოს სრული განადგურება“. მაშინ საქართველო ვერც გაანადგურეს და ვერც დააჩმორეს, მათ ვერ შეძლეს ვერცერთი საკუთარი მიზნის განხორციელება. ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება გადარჩნენ, ჩვენ სწორედ ომის შემდეგ დავადექით ღიად ევროპული, ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს. ყველაზე დიდი ეკონომიკური წარმატებები გვქონდა 2008 წლის შემდეგ, იუსტიციის სახლები და სხვა რეფორმები გავაკეთეთ 2008 წლის შემდეგ, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორები. ამას ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ, პირველ რიგში, ეს არის ბრძოლა სიმართლისათვის – მათ შორის ისტორიული სიმართლისთვის – სიცრუის დასამარცხებლად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, „სიმართლე არის ის, რომ 2008 წელს რუსეთი კატასტროფულად დამარცხდა“.

„აბა, სხვა რა ჰქვია იმას, როცა ტრილიონჯერ უფრო დიდი ქვეყანა გესხმის, მთელ თავის ჯარს გაყრის, მთელ თავის ბომბებს გაყრის თავზე და ბოლოს იფარგლება ძალიან მცირე ტერიტორიების კონტროლით – ძირითადი ნაწილი ისედაც მანამდე ჰქონდა მიტაცებული – და ისევ საქართველო ვითარდება, ისევ წარმატებულია, ისევ ხელის გულზე დაჰყავს მსოფლიოს. რუსეთი მაშინ დამარცხდა, რადგან ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუციები იყო ძლიერი, ხალხი – ერთიანი და ჩვენ გვყავდა ბევრი ძლიერი მეგობარი, ვინაიდან საქართველო იყო თავისუფლების და დემოკრატიის შუქურა მთელი მსოფლიოსათვის. სწორედ ეს ვერ მოუნელებია პუტინს, სწორედ ამიტომ მახსენებენ მუდმივად მედვედევი და ლავროვი. სწორედ ამის გამო სრულიად უდანაშაულოდ უკვე მე-6 წელიწადია, ვარ ციხეში და ამ მუდმივ ცირკში, რომლის შემსრულებლადაც თქვენ გაქციეს. ხოლო „ქოცები“ – ჩმორების, ფლიდების, მოღალატეების რუსულ კოლონიურ ინკუბატორში სპეციალურად გამოყვანილი ჯიში – მუდმივად ატრიალებს 2008 წლის თემას, რათა გადაფაროს ის ტრაგედია, რაც ახლა რეალურად ხდება ჩვენს თავს, კერძოდ: 90-იანი წლების ჭაობში, ქაოსში, უპერსპექტივობაში საქართველოს ხელახლა ჩაძირვის მცდელობა.

90-იანი წლები იყო დრო, როცა საქართველოში გამეფებული იყო კრიმინალი, ახალგაზრდების დიდი ნაწილი ჯაბა იოსელიანმა შესვა კრიმინალზე და ნარკოტიკებზე, ხალხს აყაჩაღებდნენ, როგორც ბანდები, ასევე, სამართალდამცავი ორგანოები. „ვარდების რევოლუციამ“ ამ ყველაფერს დაუსვა დიდი წერტილი. ორგანიზებული დანაშაული ნულზე დავიდა, ქუჩის კრიმინალი განეიტრალდა, საქართველოში გაჩნდა ახალი სამართალდამცავი სისტემა, რომელიც იცავდა ხალხს და იყო კორუფციისგან თავისუფალი. ივანიშვილმა, როგორც ჯაბამ, ახალგაზრდობა შესვა ისევ ნარკოტიკებზე, დაასაქმა მძარცველურ ქოლცენტრებში, პოლიციას და უშიშროებას დაავალა ამ ყველაფრის კონტროლი, წილების მასთან ატანა. ლილუაშვილმა როცა ეს წილი მოუტეხა, ის დაისაჯა. სულ არ არის შემთხვევითი, რომ შევარდნაძის დროის შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე, რომელმაც ჩამოაყალიბა 90-იანების მთავარი კრიმინალური სინდიკატი, ახლახან დაუნათესავდა ივანიშვილის ოჯახს.

90-იანებში ხალხი მასობრივად გადიოდა საქართველოდან. ჩემი პრეზიდენტობის დროს უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე გადიოდა, რადგან გაჩნდა იმედი. ივანიშვილმა მოკლა ეს იმედი და ღიად მოუწოდა ქართველებს, დატოვონ ქვეყანა. ასევე აშენებს არაბულ ქალაქებს, სადაც ქართველები ცხვირს ვერ შეყოფენ, მომსახურე პერსონალიც კი ინდოეთიდან და ბანგლადეშიდან იქნება ჩამოყვანილი. მინდა, შევახსენო, ვისაც არ ახსოვს: თავის დროზე თბილისი არაბული ქალაქი იყო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში და დავით აღმაშენებელს 30 წელი დასჭირდა მის გასათავისუფლებლად და ქართველებისთვის დასაბრუნებლად. უფრო მეტიც, ჩვენი ორი ქალაქი – თბილისი და ბათუმი – სრულად ხელმიუწვდომელი ხდება ქართველებისთვის, რომელთაც ძველი კორპუსების ხედს უბნელებენ ახალი ცათამბჯენებით, სადაც ბინების ფასი 20 მილიონი დოლარია. ამ ქალაქებში პროდუქტები ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ ზუსტად სამჯერ გაძვირდა, მშრომელი ქართველები ვეღარ ირჩენენ თავს საკუთარი შრომით და იძულებული ხდებიან, სოფელში გადავიდნენ ან, რაც უფრო რეალისტურია, უცხოეთში გაიქცნენ, მათ ადგილს იკავებენ ბუმებით მტაცებელი რუსები თავიანთი ბიზნესებით და ცხოვრების წესით, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ყველაფერი, რაც მოეწონებათ, მათი უნდა იყოს, ვერ იტანენ ვერავის მათგან განსხვავებულს. ამ ტერმინს ჰქვია ჯენტრიფიკაცია – ქალაქების გაწმენდა ძირძველი მოსახლეობისგან.

90-იან წლებში აფხაზეთიდან იარაღის ძალით თუ გამოგვყარეს, ახლა გვყრიან ჩვენი ქვეყნიდან რუსული და არაბული ფულით, ივანიშვილების, ფხაკაძეების, გილაურების, ჩხარტიშვილების ფულით. რა უფლება აქვს ივანიშვილს, გაგვაგდოს ქვეყნიდან? რა უფლება აქვთ რუსებს და არაბებს, გაგვყარონ მაშინ, როცა ქართველებს არ აქვთ არცერთი სხვა ქვეყანა, საქართველოს გარდა. ნუთუ, აჭარა იმიტომ გამოვგლიჯეთ 90-იანი წლების პრორუს სეპარატისტ-ფეოდალ ასლან აბაშიძეს და რუსულ ჯარსა და რაზმებს ხელიდან, იმიტომ განვავითარეთ ასე სწრაფად, რომ ივანიშვილმა მიჰყიდოს არაბებს და რუსებს? რისთვის გავუხსენით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ამდენ ნიჭიერ ახალგაზრდას გზა, რომ ქვეყანას ისევ თავზე მოჯდომოდა ღარიბაშვილის და მდინარაძის მსგავსი ჭუჭყი? ჩემ დროს მთლიანად ამოვძირკვე ნარკოტიკები: სუბუტექსის ერთი ტაბლეტი 3 ათასი დოლარი ღირდა და არ იშოვებოდა. ივანიშვილმა ყველა ხის ქვეშ დაყარა ნაირ-ნაირი მკვლელი ნარკოტიკები და თან თითქმის უფასოდ. ჩვენ ავაყვავეთ განათლება, გავწმინდეთ ის წინა ათწლეულების კორუფციისგან და წავიყვანეთ ევროპისკენ. ივანიშვილმა დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი, დახურა ილიაუნი და დააბრუნა აღებ-მიცემობა სკოლებში და ქაოსი უმაღლეს განათლებაში.

ივანიშვილი ვერ შედგა ვერაფერში, მათ შორის ვერ შედგა, როგორც დიქტატორი, ვინაიდან ნამდვილი დიქტატურა გულისხმობს მკაცრ, ზოგჯერ სასტიკ წესრიგს და გამორიცხავს ქაოსს. ჭორვილელი ყოველდღიურად გენერირებს ქაოსს და მას დიქტატურა ადამიანების – კიდევ უფრო მეტი ადამიანების – ციხეში ჩაყრა ჰგონია და ამის იქით პრაქტიკულად ვერაფერს მართავს. უნდა პირდაპირ ვთქვა, რომ ჩვენ გარდავიქნებით შეუმდგარ ქვეყნად, რომელსაც თავზე მოასკუპდა შეუმდგარი დიქტატორი. ეს ყველაფერი ეფუძნება იმ ცნებას, რაც რუსებმა მოგვახვიეს თავს: რომ ქართველები დაბადებული ვართ კრიმინალისთვის, კორუფციისთვის, რუსების მომსახურებისა და გართობისთვის, და თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა მათთვის დაუშვებელი ფუფუნებაა, იმიტომ რომ ქართველები არიან ერთუჯრედიანი ჩმორები. მე კი გეუბნებით: ჩვენ არ ვართ ჩმორები. ჩვენ უნდა ხმამაღლა ვთქვათ: „ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები. ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ერეკლეს, ილია ჭავჭავაძის, ქართული სოციალ-დემოკრატიის, ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის, „ვარდების რევოლუციის“ და სულ ახლახან გამართული მრავალრიცხოვანი გამოსვლების ერი. ჩვენ ვართ მე-17 საუკუნის ქართლ-კახეთის და გურიის მე-19-მე-20 საუკუნეების აჯანყებების, 100 წლის წინანდელი თბილისისა და ბათუმის მუშათა მოძრაობის, 1924 წლის აჯანყების და 1978 წლის 14 აპრილის, 9 აპრილის ერი. ამიტომაც არ და ვერ ვიქნებით ჩმორები, და თან ვისი – დასუსტებული იმპერიის და მისი კომიკური „სტავლენიკის“, ბორია ივანიშვილის ჩმორები? ნურას უკაცრავად. მე, მიხეილ სააკაშვილი გეუბნებოდით, რომ 90-იანი წლების უბედურების რესტავრაციას დავასრულებთ, უსაფრთხოება დაბრუნდება და ნარკოტიკები და კრიმინალი გაქრება ჩვენს ეზოებში, ქუჩებში, სკოლებში.

კორუფცია სამუდამოდ ამოიშანთება ჩვენი ყოფიერებიდან და მენტალიტეტიდან. ამას ვამბობ ლიდერი, რომლის ე.წ. დამალული ქონება მთელ მსოფლიოში დაძებნეს და ერთი მოპარული თეთრი ვერ იპოვეს – რაც არ არსებობს, იმას როგორ იპოვიდნენ? ამას ვამბობ იდეალისტთა იმ დიდი ჯგუფის სახელით, რომელიც არასოდეს გაიყიდა. საქართველოში აღარ აშენდება 20-მილიონიანი ბინები, მაგრამ ყველა ქართულ ოჯახს ექნება ღირსეული ბინა და სამსახური. საქართველოში ჩამოვა ბევრი უცხოელი, მაგრამ ჩამოვა როგორც ტურისტი, როგორც სტუმარი – სტუმარი ღვთისაა – და არა როგორც აქაურობის ბატონ-პატრონი. დღევანდელი კლინიკების 100% აშენებულია ჩემ მიერ და ეს კლინიკები მოემსახურება ხალხს მთლიანად უფასოდ. ამ კლინიკების წუწკი მფლობელების ჯიბეში კი აღარ დაილექება მთელი შემოსავალი, არამედ გადანაწილდება ექიმებზე, ექთნებზე, სანიტრებზე. ჩვენს გლეხებს აღარ მოუწევთ ხელგაწვდილი დგომა და ისინი აღჭურვილი იქნებიან თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც მათ მოუტანს მაღალ შემოსავალს. და რაც მთავარია: ხელისუფლების შიში აღარასდროს უნდა განაპირობებდეს ჩვენს საქციელს და მოტივაციას – კანონისა და ადამიანობის დაცვა კი, ხელისუფლების შიში არა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი მთავარი სისუსტე, ისევე როგორც მთავარი სიძლიერე, არის სამშობლოს სიყვარული.

„სწორედ ამ სიყვარულმა გადმომატარებინა ზღვა ზუსტად ხუთი წლის წინ სრულიად უიმედო სიტუაციაში, მაშინ, როცა ხალხი არ იყო ბოლომდე მზად. მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. ახლა მსურს, ასი პროცენტით დაგიდასტუროთ, რომ საქართველო ასი პროცენტით არის მზად ცვლილებებისთვის, ისე როგორც არასდროს. ჩვენს გენეტიკურ კოდში არაა ჩმორობა, არამედ, ეს არის თავისუფლების სიყვარული, მონობასთან შეუგუებლობა. მე არავის მოვუწოდებ რეჟიმის დამხობისკენ. უბრალოდ გეუბნებით: რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩასვათ, ვინც დამხობისკენ მოუწოდებს, ეს არაფერს შეცვლის. ამას გეუბნებით, როგორც გარდაუვალ ფაქტს – ჭორვილური ორღობის დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება. ვერშემდგარ დიქტატორს იცავს ფინიების, ტურებისა და ჰიენების ამქარი. არადა, ჩვენი სახელი, რომლითაც მსოფლიო გვიცნობს, სპარსული „გორგისგან“ (მგლისგან) წარმოდგება – გეორგია, გორგასალი. „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“… მგლები დაიზარდნენ, მგლები ემზადებიან, რათა დაასრულონ ტურებისა და ჰიენების მმართველობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიტყვით დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა სასამართლო დარბაზში საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

მსგავსი