მიხეილ სააკაშვილი - დღეს რუსეთში მე უფრო მეტი ავტორიტეტი მაქვს, ვიდრე ივანიშვილს
მიხეილ სააკაშვილი - დღეს რუსეთში მე უფრო მეტი ავტორიტეტი მაქვს, ვიდრე ივანიშვილს

ამდენი ხანი ივანიშვილი იძახდა, რომ რუსეთთან დაალაგა ურთიერთობა. რა დაალაგა ასეთი, რომ გაბუნიას ერთმა უგემოვნო, გაუაზრებელმა გამოხტომამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი აზრით ის, რომ რუსეთმა დაგვბომბოს? საერთოდ, აზრზე ხართ რას ლაპარაკობთ?, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქში“, ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს რუსი ტურისტები საქართველოს რეფორმებით აღფრთოვანებული იყვნენ. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას რუსეთში უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს.

„ჩემს დროს, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად დიდი უბედურებისა, ტურისტები შემოვიყვანეთ – რუსები, ისინი პატივისცემით გვექცეოდნენ, რადგან აღფრთოვანებული იყვნენ საქართველოს რეფორმებით და დღეს მე რუსეთში, ხალხში უფრო მეტი ავტორიტეტი მაქვს, ვიდრე ივანიშვილს და მისი ბანდის რომელიმე წევრს, რომელთაც საერთოდ არ იცნობენ. ახლა ბოლომდე აიწეწა ურთიერთობები, ტურისტებს აჩერებენ, ფრენები შეჩერდა, ყველაფერი აირია და ახლა თურმე შეიძლება, რომ გაბუნიას გამო დაგვბომბონ? ყველაფერი დალაგდება. ივანიშვილს არანაირი ხრიკები აღარ უშველის. ივანიშვილის დრო საქართველოში დამთავრებულია. ახლა მთავარია, გადასვლა იყოს მშვიდობიანი, წყნარი, არანაირი ხრიკები და მანევრები მას აღარ გადაარჩენს. ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია კონსოლიდაცია, ერთიანობა, შეუპოვრობა და ყველაფერი გამოუვა ჩვენს ქვეყანას. ყველა გაგვიწევს ანგარიშს, უნდა ვიყოთ პრაგმატულები და ამავე დროს, ღირსებით აღსავსენი, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად გახსნილები, ამავე დროს არასდროს ვთქვათ უარი ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებსა და თავისუფლებაზე. ყველანი, მათ შორის ყველაზე მტრული მეზობლებიც მაშინ გვცემენ პატივს, როცა ჩვენ თვითონ ვცემთ საკუთარ თავს პატივს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.