მიხეილ სააკაშვილი - დასავლეთ საქართველოში ნორვეგიული სტანდარტის ციხეები შენდებოდა, რაც ამათ შეაჩერეს
მიხეილ სააკაშვილი - დასავლეთ საქართველოში ნორვეგიული სტანდარტის ციხეები შენდებოდა, რაც ამათ შეაჩერეს

ციხეები არ იყო იდეალური არც ჩვენი მმართველობის დროს, თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ცოცხების კადრები დადგმული იყო, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ციხეები ახლაც მძიმე მდგომარეობაშია.

„როგორ უნდა გამოსწორდეს ეს?! ჩვენ ამაზე ვმუშაობდით მაშინ. ნორვეგიული სტანდარტის ციხეები შენდებოდა დასავლეთ საქართველოში, რაც ამათ შეაჩერეს. პატიმრების რაოდენობა უნდა შემცირებულიყო, მაშინ ეს კალმახელიძის მომზადებული პროექტი იყო. სამწუხაროდ, ამის განხორციელება ვერ მოვასწარით.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენ ციხის მოსახლეობა დიდი კონტინგენტის დონეზე უნდა გვყავდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ დამნაშავეების რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი, ვფიქრობ, ბევრი ალტერნატიული მეთოდის გამოყენება შეიძლება, მათ შორის პრობაციის. პროფილაქტიკური სამუშაოების გამოყენება იმისთვის, რომ დანაშაულს სხვა მეთოდებით ვებრძოლოთ. ციხე ნამდვილად არ არის პანაცეა, ამიტომ ჩემი აზრით, პატიმრების რაოდენობა დღევანდელთან შედარებით უნდა შემცირდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.