მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები და ჩამოვშალოთ ივანიშვილის მთავრობა
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები და ჩამოვშალოთ ივანიშვილის მთავრობა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ ამსტერდამიდან მიმართავს. მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები მორყეულია, დაბრუნდა კორუფცია. მისი თქმით, საქართველო განადგურების საფრთხის წინაშეა.

„ყველანი ვხედავთ, თუ რა განსაცდელშია ჩვენი ქვეყანა – ჩვენი დატოვებული ფული ბოლომდე შეიხრა და უპასუხისმგებლოდ გაიფლანგა. ჩვენი შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტები მორყეულია და იქ დაბრუნდა კორუფცია; კრიმინალი ისევ მძლავრობს; უსაფრთხოების სიტუაცია საქართველოსთვის მკვეთრად გაუარესდა. ასეთი უიმედობა არ ყოფილა შევარდნაძის დროსაც კი და ამ ყველაფრის ფონზე, ასობით ათასმა ყველაზე შრომისუნარიანმა ჩვენმა თანამემამულემ ან უკვე დატოვა საქართველო, ან თვალი უჭირავს წასვლაზე.

რეალურად საქართველო არის განადგურების საფრთხის წინაშე. ამ პირობებში ივანიშვილმა პრაქტიკულად გამოაცხადა კასტინგი მთავარი ოპოზიციური ძალის წოდებაზე. ის გვიბიძგებს რომ ვიბრძოლოთ იმისთვის, თუ ვინ იქნება მეორე ადგილზე ყველა შემდგომ არჩევნებზე და დავკმაყოფილდეთ ამ რაღაც საპატიო პრიზით. ნურას უკაცრავად! ჩვენი ამოცანაა საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება და ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ხელისუფლებაში უკვე 2018 წელს. როგორ უნდა განვახორციელოთ ეს? – ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები და ამის ფონზე ჩამოვშალოთ ივანიშვილის მთავრობა, მოვშალოთ მისი ფეოდალური საკარმიდამო.

ეს სრულიად რეალისტური ამოცანაა. ივანიშვილი არ ყოფილა ასეთი სუსტი, არასოდეს ბოლო წლებში.

ხალხს ის ბოლომდე სძულს, ყველა ყველაფერს მიხვდა, საზოგადოების ყველა ნაწილს აეხილა თვალები და დაინახა განსხვავება იმას შორის, რაც იყო და რაც ამათ მოშალეს.

რაც მთავარია, ყველა ხედავს, რომ ჩვენ გვაქვს პოზიტიური პროგრამა და ვართ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ამ უბედურებიდან, ჭაობიდან ქვეყნის ხელახლა ამოყვანა“,- აცხადებს სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილი მიმართვაში ამბობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო კამპანიისთვის უნდა მოემზადოს და პრაიმერის გზით „ყველა არგაყიდულ ოპოზიციურ ძალასთან ერთად“ უნდა შეარჩიონ ღირსეული კანდიდატი.

„ამიტომ ახლა ჩვენ უნდა მოვემზადოთ საპრეზიდენტო კამპანიისთვის – პრაიმერიზის გზით ყველა არგაყიდულ ოპოზიციურ ძალასთან ერთად უნდა შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატი და უნდა ჩავატაროთ ისეთი კამპანია, როგორიც არასდროს ჩაგვიტარებია – აბსოლუტურად ახალი მეთოდებით, თანამდროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გამოცდილების გათვალისწინებით და ახალი ხალხის ჩართვით, მათ შორის ახალგაზრდობის მასობრივად მოზიდვით.

ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას მომავლის პერსპექტივა. ჩვენი ძალა არ გაიყიდა, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, რაც იყო სანუკვარი ოცნება ივანიშვილის და მისი ჩრდილოელი პატრონების სანუკვარი ოცნება, არ განადგურდა და გადარჩა.

ახლა ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ქართველ ხალხს საქართველო და უკვე მეორედ შევასრულოთ საქართველოს გადამრჩენის ძირითადი ფუნქცია.

ჩვენ ეს აუცილებლად გამოგვივა. ბოლომდე ვარ თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში და მინდა, რომ თქვენც წამომყვეთ ამ ბრძოლაში. საქართველოს აქვს ძალიან მაგარი მომავალი, ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია და ჩვენი გამარჯვება არის აბსოლუტურად გარდაუვალი“, – აღნიშნავს მიხელ სააკაშვილი მიმართვაში.