მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ არ ვართ დაბადებული, რომ ვიყოთ მაჩანჩალა, ჩვენ ვართ ყველაზე გიჟები
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ არ ვართ დაბადებული, რომ ვიყოთ მაჩანჩალა, ჩვენ ვართ ყველაზე გიჟები

რა ბარიერებიც უნდა დაგვახვედრონ, რა პროვოკაციებიც უნდა მოაწყონ, საქართველომ გამოიღვიძა, საქართველო მზად არის გამარჯვებისთვის, 31 ოქტომბერს გათავისუფლებისთვის, მზად არის, ისევ იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელმაც თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს უკრაინიდან მიმართა.

მისივე თქმით, საქართველოში ხალხი იბრძვის არა რომელიმე პოლიტიკოსისთვის, არამედ უკეთესი ცხოვრებისთვის.

„ჩემო განსაკუთრებულებო, ჩემო საყვარლებო, ნახეთ, რამდენი ხალხია დღეს თბილისში. სულ უფრო მეტი ხალხი მოდის. რა ბარიერებიც უნდა დაგვახვედრონ, რა პროვოკაციებიც უნდა მოაწყონ, საქართველომ გამოიღვიძა, საქართველო ჩამოიფერთხავს ამ უბედურებას. საქართველო დღეს, ჩვენს თავისუფლების მოედანზე აცხადებს, რომ მზად არის გამარჯვებისთვის. უკვე შვიდ წელზე მეტია, მე არ მინახავს ჩემი ქვეყანა, მაგრამ მუდმივად თან ვატარებ მას. მუდმივად გეფერებით და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ ვართ განსაკუთრებული ქვეყნის განსაკუთრებული შვილები. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული გენი. ჩვენ არ ვართ დაბადებული, ვიყოთ მაჩანჩალა, ჩვენ არ ვართ დაბადებული, ვიყოთ ვინმეს ქვეშ, ჩვენ არ ვართ დაბადებული ვიყოთ ვიღაცაზე უარესი. ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები, ჩვენ ვართ ყველაზე ნიჭიერები, ყველაზე განსაკუთრებულები, ყველაზე გამბედავები, ჩვენ ვართ ყველაზე შეუპოვრები, ჩვენ ვართ ყველაზე გიჟები, სწორი გაგებით. გისმენთ ხოლმე და ჩვენ ვართ გიჟები, როცა საქმე ეხება ძალიან დიდ ამბებს და ჩვენს გამარჯვებას. მინდა, გითხრათ, ყველაფერი კარგად იქნება. 31-ში ჩვენ ისევ დავიწყებთ ქვეყნის გაერთიანებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც.

„მინდა, ვუთხრა „ოცნების“ მხარდამჭერებს – გავუწოდოთ ერთმანეთს ხელები. გუშინ და დღეს ჩვენ ვართ და ვიყავით მოწინააღმდეგეები, ხვალ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. მინდა, ვუთხრა ჩვენს საამაყო სახელმწიფო მოხელეებს – თქვენ ზიხართ იმ შენობებში, რომლებიც ჩემი აშენებულია. თქვენ იღებთ იმ ხელფასებს, რომელიც თავის დროზე დაგინიშნეთ, რაც, სამწუხაროდ, არ გაგეზარდათ. თქვენ ხომ იცით, რომ მე ძალიან მიყვარს ის შრომა, რასაც თქვენ ეწევით, თქვენ ხომ იცით, რომ მე თქვენს მხარეზე ვარ. ხომ იცით, რომ არავინ შეგეხებათ, რადგან თუ თქვენ ასრულებთ თქვენს მოვალეობას, მიუხედავად იმისა, რა იყო წინა წლებში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თქვენი გამოცდილება არის ოქროს ფასი. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენგანი, თქვენი უმეტესობა მხარს უჭერს ქართულ სახელმწიფოს. ჩემი ამოცანა არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, საერთოდ არ მაინტერესებს არც ერთი კაბინეტი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა მაინტერესებს – ვამაყობდეთ ჩვენი ქვეყნით, ვიყოთ ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი მთელი პლანეტის მასშტაბით. საქართველო არის ორი დღის მანძილზე დიდი გარღვევისკენ, დიდი ეროვნული ტალღა არის აწეული, ძალიან დიდი ენერგიაა დაგროვილი და ეს ენერგია ყველა ბარიერს წალეკავს, ყველა გაყალბებას გაანგრევს. გაყალბებაზე პასუხი არ იქნება უკან დახევა და დაჩმორება. გაყალბებაზე პასუხი იქნება ღირსება, შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღება ძალიან სწრაფად. ყველაფერი მაგრად იქნება, აბა თქვენ იცით, უახლოეს დღეებში გამარჯვებამდე და ჩვენი ბრძოლის დაგვირგვინებამდე“, – მიმართა სააკაშვილმა აქცია-კონცერტის მონაწილეებს.