მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ ამ მთავრობას თუ არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში

თავს ნუ მოვიტყუებთ, თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში, საქართველოს გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში.

აღნიშნული განცხადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესი დატოვა.

„ჩვენ ამ მთავრობას თუ არ მოვაშორებთ, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზაციას, თუ ჩვენ, ყველანი არ გამოვალთ ქუჩებში, თუ ჩვენ მშვიდობიანად არ შევცვლით საქართველოში სიტუაციას, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ საქართველოში ამათ ჩამოშორებას ხელისუფლებისგან, საქართველო დაღუპულია. საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში, საქართველოს გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში, ხელის ჩაკიდებაში. დავამთავროთ პარლამენტარობანას თამაში – ჩვენ ამ მთავრობას ვაიძულებთ, ამ მთავრობას გავაკეთებინებთ. რას გააკეთებინებთ, ვის გააკეთებინებთ, მოღალატეები არიან, რუსების პირდაპირი დასმული შვილები, პირდაპირი აგენტები არიან. მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოშორებით, მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოგდებით, მხოლოდ მასობრივი აქციებით, მხოლოდ მასობრივად ხელის ჩაჭიდებით ვერ დაგარბევენ.

ნუ გეშინიათ პოლიციის. გაისვრიან ერთი-ორჯერ რეზინის ტყვიას, იმ რეზინის ტყვიას შევაჩერებთ. ხალხო, ნუ გეშინიათ, აქ არაფერ შუაშია პარტიები, სააკაშვილი არაფერ შუაში არ არის. დაივიწყეთ ყველაფერი ეს. მიუხედავად მათი რეზინის ტყვიებისა, რუსული მეთოდებისა, ვიქნებით ბევრნი, ვიქნებით ყველგან, არ დავიხევთ უკან. ჩვენ მათ აუცილებლად ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვებისთვის საქართველოს ახალი ეროვნული თანხმობის მთავრობა უნდა ჰყავდეს.

„თუ უნდათ, „ქოცებიც“ იყვნენ შიგნით. ეროვნული თანხმობის მთავრობა ჩაატარებს არჩევნებს, დანარჩენი ყველაფერი მეასეხარისხოვანი და ცირკია. თანხმობის მთავრობა მოახერხებს მშვიდად, წყნარად ახალი არჩევნების ჩატარებას. შემდეგ საქართველო უკრაინასთან ერთად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობიანად. ახლა ჩვენი ისტორიის გადამწყვეტი წლები და თვეებია. ახლა უკან დახევა არ შეიძლება. აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ვგრძნობდი, ეს მომენტი დგებოდა. ეს მომენტი დადგა და ახლა უკან დახევას ნამდვილად არ ვაპირებ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.