მიხეილ სააკაშვილი - ჩემთვის მდიდარი საქართველო არის ის, სადაც სახელმწიფო არ ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში, არ ახორციელებს ძალადობას, სადაც დაცულია ყველას უფლებები და პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს
მიხეილ სააკაშვილი - ჩემთვის მდიდარი საქართველო არის ის, სადაც სახელმწიფო არ ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში, არ ახორციელებს ძალადობას, სადაც დაცულია ყველას უფლებები და პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს

ჩემთვის მდიდარი საქართველო არის ის, სადაც სახელმწიფო არ ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში, არ ახორციელებს ძალადობას, სადაც დაცულია ყველას უფლებები, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, სადაც ოპოზიციური აქტივობა არ აღიქმება რაღაც წარმოუდგენელ საფრთხედ და მის წინააღმდეგ არ იღებენ უკანონო ზომებს, არამედ ყველას აქვს საშუალება, გამოხატოს თავისი აზრი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მისი ხედვა არის სხვანაირი საქართველო, ისეთი, სადაც თითოეულ ქართველი იქნება მდიდარი.

„რას ნიშნავს მდიდარი საქართველო, რას ნიშნავს მდიდარი ქართული ოჯახები – ეს ნიშნავს კონკრეტულ რაღაცებს – თითოეულ ბავშვს ექნება საშუალება, წავიდეს ძალიან მაღალი ხარისხს საბავშვო ბაღში, ისწავლოს სკოლაში, სადაც მასწავლებელს ექნება მაღალი ხელფასი, სკოლებში, სადაც აღჭურვა იქნება უმაღლესი საერთაშორისო დონეზე, როგორც თავის დროზე დავიწყეთ, სადაც იქნება საუკეთესო მსოფლიო პროგრამები განათლების, როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უნივერსიტეტებში. შეგვეძლება, ჩვენი შვილები გავუშვათ საუკეთესო უცხოურ უნივერსიტეტებში, როგორც ამას ვაკეთებდით. ჩემთვის მდიდარი საქართველო არის ქვეყანა, სადაც არ იქნება ფიზიკური პრობლემები, დანის, ცეცხლსასროლი იარაღის, საფრთხის, რომელიც ყოველდღიურად არ ექნებათ ჩვენს შვილებს, სადაც არ იქნება მასობრივად გავრცელებული სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკები. ჩემთვის მდიდარი საქართველო არის ქვეყანა, სადაც არ მოუხდებათ ოჯახის მამებსა და დედებს უცხოეთში გადახვეწა, რათა შვილები შიმშილით არ დაეხოცოთ, სადაც საკუთარ ქვეყანაში, ახალ პორტში, მაგალითად „ლაზიკაში“, ახალ, მაღალტექნოლოგიურ საწარმოებში დასაქმდნენ და მიიღონ ძალიან მაღალი შემოსავლები, არსად წასვლა არ მოუნდეთ და უცხოეთში მხოლოდ ტურისტებად წავლენ. მდიდარი საქართველო არის ქვეყანა, სადაც პენსიონრებს ექნებათ მაღალი პენსია და კი არ დააწვებიან საკუთარ შვილებს ტვირთად, პირიქით, იქით დაეხმარებიან ოჯახის სხვა წევრებსა და ნორმალურად იცხოვრონ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მისთვის მდიდარი საქართველო არის ქვეყანა, სადაც წამლები იქნება ხელმისაწვდომი, სადაც იქნება საუკეთესო კლინიკები, სადაც პრაქტიკულად არავის ექნება პრობლემა, რომელიმე დაავადების პირობებში უფულოდ მკურნალობის.

„ჩემთვის ეს ყველაფერი არის მდიდარი საქართველო და ეს არის სრულიად მიღწევადი, სადაც არ იქნება ნეპოტიზმი, სადაც ნიჭიერი ადამიანი გაიკვლევს გზას და არა ნაცნობობით, ჩაწყობით, არამედ ყველაფერი მოპოვებული იქნება სამართლიანად, გამჭვირვალედ. მდიდარი საქართველო არის ის, სადაც სახელმწიფო არ ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში, არ ახორციელებს ძალადობას, სადაც დაცულია ყველას უფლებები, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, სადაც ოპოზიციური აქტივობა არ აღიქმება რაღაც წარმოუდგენელ საფრთხედ და მის წინააღმდეგ არ იღებენ უკანონო ზომებს, არამედ ყველას აქვს საშუალება, გამოხატოს თავის აზრი, განსხვავებული აზრი არის დაცული, ოპოზიციას აქვს თავისი მაკონტროლებელი ფუნქცია. ყველა ხელისუფლებამ იცის, რომ ადრე თუ გვიან, ის იცვლება და მოდის ოპოზიცია, ამიტომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, არ უნდა გადავლახოთ წითელი ხაზები შენს პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებაში. აი, ასეთი ქვეყანა იქნება მდიდარი და წარმატებული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეიძლება იყოს მდიდარი მდიდარი ქართველებით, საქართველო შეიძლება იყოს წარმატებული, წარმატებული ქართველებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.