მიხეილ სააკაშვილი - ჩემი პრეზიდენტობის დროს არც ერთი მოქმედი პოლიტიკური ლიდერი არ ყოფილა დაპატიმრებული
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი პრეზიდენტობის დროს არც ერთი მოქმედი პოლიტიკური ლიდერი არ ყოფილა დაპატიმრებული

ჩემი პრეზიდენტობის დროს არც ერთი მოქმედი პოლიტიკური ლიდერი არ ყოფილა დაპატიმრებული და ციხეში ჩასმული, ეს არის ფაქტი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. სააკაშვილმა 16 დეკემბერს, ველისციხესთან განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს არც ერთი მოქმედი პოლიტიკური ლიდერი არ დაუპატიმრებიათ. ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე ორგანიზებული წევრი, დავით კირკიტაძე დააკავა.

სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ნინო ბურჯანაძე იჯდა ავტომობილში, „რომელმაც ორ პოლიციელს გადაუარა“, მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.

„ნინო ბურჯანაძე იჯდა იმ მანქანაში, რომელმაც ორ პოლიციელს გადაუარა. ერთი დაიღუპა და მეორე დაინვალიდდა მთელი ცხოვრება. ნინო ბურჯანაძესაც კი არ წარდგენია მაშინ ბრალი. ეს იყო ჩემი და ჩვენი შეგნებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ჟურნალისტმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მისი მმართველობის პერიოდში პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდებზე ჰკითხა, რა დროსაც კობა დავითაშვილისა და ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტები და ასევე ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება შეახსენა.

„ირაკლი ოქრუაშვილი 24 საათში გაუშვეს. კობა დავითაშვილის 7 ნოემბრის შემდეგ, მე გადავდექი პრეზიდენტის თანამდებობიდან. ვალერი გელაშვილის ცემასთან ზუსტად ისეთივე კავშირი მაქვს, როგორც თქვენ. ეს ეფუძნება სრულიად ყალბ ჩვენებებს. ეგრე ვინმეს ცემა რომ გვდომოდა, ნახევარი საქართველო შეიძლებოდა გამოგვკიდებოდა. ეგ არის სრული სისულელე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.