მიხეილ სააკაშვილი - მიწაზეც მათრიეს, მომწამლეს კიდეც, ათასგვარ ბრალდებას მიყენებენ, მაგრამ მაინც ვრჩები საქართველოს წარმატების, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ
მიხეილ სააკაშვილი - მიწაზეც მათრიეს, მომწამლეს კიდეც, ათასგვარ ბრალდებას მიყენებენ, მაგრამ მაინც ვრჩები საქართველოს წარმატების, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას გამოეხმაურა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, კომისიაზე „ქურდების, ყაჩაღების სრული რეაბილიტაცია მოახდინეს“.

„რა არის ეგრეთ წოდებული კომისია? დაიწყეს საქმე ჰააგის სასამართლოში, იქნებ როგორმე გავემტყუნებინეთ მე და საქართველო, არაფერი გამოუვიდათ, რადგან ეს ჰააგაა და არა სასამართლო კლანი. ახლა იმავეს იმიტაციას ცდილობენ საქართველოს შიგნით. მოახდინეს სრული რეაბილიტაცია ქურდების, ყაჩაღების და ასე შემდეგ. აფრასიძეებზე ჩაატარეს მოსმენები, მსხვერპლებად გამოიყვანეს. აფრასიძეები, რომლებმაც უამრავი ადამიანი მოკლეს, გააუპატიურეს, მთელი ქონება წაართვეს, გადაუარეს სვანებს და დანარჩენ საქართველოშიც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ამ აფრასიძეებზე ახლა ამბობენ, თურმე ისინი რეჟიმის უბედური მსხვერპლები იყვნენ. აფრასიძეები რომ არ ჩამოშორებოდნენ სვანეთს, არ იქნებოდა არც განვითარება, არც ტურიზმი, არც შემოსავლები. ეს არ არის კომისია, ეს არის კონტრრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების, პრორუსი კორუფციონერების“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ის მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს წარმატებისა და საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ რჩება.

„ხედავთ, ხალხო, როგორ დაგცინიან, მაინც არაფერი გამოუვათ. გასაგებია, მე რასაც მიკეთებენ. მიწაზეც მათრიეს, მომწამლეს კიდეც, ათასგვარ აბსურდულ ბრალდებას მიყენებთ, მაგრამ მთელი მსოფლიოსთვის მე მაინც ვრჩები საქართველოს წარმატების, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ. ნათლად გეუბნებიან ამერიკელები, თუ რამე გინდათ, გაუშვით პოლიტპატიმრები, მათ შორის სააკაშვილი. ნათლად გეუბნებიან ევროპელები, გაუშვით პოლიტპატიმრები, გაუშვით სააკაშვილი, მაგრამ თქვენ ამერიკას და ევროპას არ უსმენთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია არის უკანონო, რომლის ამოცანაა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება“.

„კომისია არის უკანონო, ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია, რომლის ამოცანაა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება. ეს ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება ან ჩემი განადგურება, ეს არის ქართველი ხალხის გენეტიკური კოდის გამოცვლა. ამას ახორციელებენ, ამით არიან დაკავებული. ამიტომ ასეთი მტრები საქართველოს არ ჰყოლია საუკუნეების განმავლობაში. ასეთი საფრთხე საქართველოს არ ჰქონია საუკუნეების განმავლობაში. რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ, ჩემს ადგილს ისტორიაში თქვენ ვერ წამართმევთ. რა თქმა უნდა, ისტორია მე გამამართლებს, ვერავინ შემომწვდებით. შეგიძლიათ, ფიზიკურად გამანადგუროთ, ამას ახორციელებთ კიდეც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვერ შეძლებთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გენის გამოცვლას, ამაყი ქართველი ერისა და ამაყი უკრაინელი ერის დაჩოქებას“, – აღნიშნა სააკაშვილმა.