მიხეილ სააკაშვილი – არასამთავრობოთა ნაწილი, დიდი ხანია, მოსწყდა ხალხს, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ შევიწროებისა და აკრძალვის, მაგრამ ზუსტად ვიცი, საზოგადოება მათ დაცვაზე თავს არ გამოიდებს
ჩვენ გვჭირდება საზოგადოების დიდი ერთობა ყალბი ავტორიტეტების და თვითგამოცხადებული შემფასებლის გარეშე. საქართველო გაიმარჯვებს, როცა ტყუილი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, დამარცხდება და სიმართლე გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი ხალხს მოსწყდა და საზოგადოებასთან ნულოვანი მოჭიდება აქვთ.
„ამას თქვენს ტელევიზიებში არ წაგიკითხავენ, მაგრამ ენის მოჩლექის დრო ნამდვილად დამთავრდა. კიდევ ერთხელ ქართულ „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“ და ზოგიერთი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაზე. იმ 9 წელს, როცა მთელი მსოფლიო გვაქებდა, ისინი ყველას უყვებოდნენ, რომ სულაც არაა ისე კარგად საქმე, როგორც ზოგიერთს ეჩვენება და სინამდვილეში ყველაფერი ძალიან ცუდადაა. მას შემდეგ მოხდა 2012 წლის 1 ოქტომბრის ეროვნული კატასტროფა და ბევრმა უცხოელმა მეგობარმა თავიდანვე გაიზიარა გენიალური ბენდუქიძის გამონათქვამი: „2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ გადავდგით ნაბიჯი წინ, ოღონდ ფეხი ნეხვში ჩავდგით“. ესენი სხვა ტალღაზე გადაეწყნენ და ყველას აწყნარებდნენ – სინამდვილეში არც ისე ცუდად არის საქმე და ბევრი გაუმჯობესებაა და მაგალითად მოჰყავდათ წულუკიანის „სასამართლო რეფორმის პირველი, მეორე და მესამე ტალღა“.
ჰოდა, მოდი გავყვეთ უბრალო ლოგიკას. არის თუ არა ქართული „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ოთარ ფარცხალაძის ფაქტობრივი თანამზრახველი, როცა ფარცხალაძის მიერ ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილ საქმეს, რომელიც კონკრეტულად ეხება პიჯაკების ყიდვას, პრეზიდენტ იუშენკოს ოფიციალური ვიზიტის დროს მის აბანოში მომსახურების ხარჯებს და პრეზიდენტ კაჩინსკის დაკრძალვაში ჩატანილ გვირგვინს, არ აცხადებს პოლიტიკურ დევნად? იყო თუ არა ეს და ზოგიერთი სხვა ორგანიზაცია ივანიშვილის ფაქტობრივი თანამზრახველი, როცა ხმა არ ამოიღეს ოპოზიციის მასობრივ დევნაზე, რუსეთთან მებრძოლი ჩვენი მეომრების განადგურებაზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მასობრივ დარღვევებზე და ობიექტურად შეუწყვეს თუ არა ამით ივანიშვილს ხელი? ცრუობს თუ არა ქართული TI, როცა აცხადებს, რომ ეს პოლიტპატიმართა სია ეფუძნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს, როდესაც სინამდვილეში ჩემი ტყვედ ჩავარდნის შემდეგ პირველივე რეზოლუციაში საპარლამენტო ასამბლეამ არა უბრალოდ პოლიტპატიმარი, არამედ პუტინის პირადი ტყვე მიწოდა და ყველა შემდგომ რეზოლუციაში ითხოვს ჩემი, როგორც პოლიტპატიმრის გათავისუფლებას? და საერთოდ, ვინ იტყუება ქართული TI, რომელიც ამბობს, რომ არ ვარ პოლიტპატიმარი თუ ევროპარლამენტი, რომელიც პოლიტიკურ მძევალს მიწოდებს და „ვაშინგტონ პოსტი“, ვოლ სტრიტ ჯორნალი, იქონომისტი და უამრავი სხვა წამყვანი დასავლური გამოცემა, ისევე როგორც ემნესტი ინტერნეიშენალი, რომლებიც პოლიტპატიმარს მიწოდებენ? აღარაფერს ვამბობ უამრავ პოლიტიკოსზე დემოკრატიული სამყაროდან.
ცრუობს თუ არა TI, როცა ამბობს, რომ იმიტომ არ დამასახელეს პოლიტპატიმრად, რომ ამ სიაში ისინია, ვინც გამონათქვამებისთვის დაიჭირეს და ეს ხდება იმ ფონზე, როცა ივანიშვილის მთავარი დამქაშები მთელი ეს წლები იმეორებენ, რაც მეტს ილაპარაკებს სააკაშვილი, მით მეტ წელს მივუსჯითო და ამჟამად „განსასჯელთა სკამზე ვიმყოფები“ ივანიშვილის ზვიგენთან სელფის გადაღების სურვილზე გამონათქვამის გამო. მე საერთოდ არ მესმის, თუ რატომ უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაზე პრეტენზია იმ ხალხს, რომელიც მუდმივად პოლიტიკოსთა გადახალისებისკენ მოგვიწოდებს და თვითონ, მრავალი წელია, უცვლელად ზის მაღალხელფასიან თანამდებობაზე და ცდილობს ჭკუა დაგვარიგოს.
შეგახსენებთ, რომ თავად TI-ს დირექტორი გიგაური, თითქმის 20 წელია, უცვლელად იკავებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორის თანამდებობას, ხოლო სოროსის ფონდის დირექტორი ხუციშვილი – 2002 წლიდან. ზოგიერთი არასამთავრობოს დირექტორი არასამთავრობოდან პირდაპირ ივანიშვილთან გადასკუპდა, როგორც, მაგალითად, საიას თავმჯდომარე ჩუგოშვილი, რომელიც ივანიშვილის ვიცე-სპიკერი და მის საერთაშორისო არენაზე თავგამოდებული პროპაგანდისტი იყო, სანამ ისეთი პირობები არ შეუქმნეს, რომ ვერ გაჩერებულიყო იქ.
არასამთავრობოთა ნაწილი, დიდი ხანია, მოსწყდა ხალხს და ამიტომ ნულოვანი მოჭიდება აქვთ ხალხში. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ არასამთავრობოთა შევიწროების და აკრძალვის, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი, რომ მთლიანობაში საზოგადოება მათ დაცვაზე თავს არ გამოიდებს ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო.
ჩვენ გვჭირდება საზოგადოების დიდი ერთობა ყალბი ავტორიტეტების და თვითგამოცხადებული შემფასებლის გარეშე! საქართველო გაიმარჯვებს, როცა ტყუილი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, დამარცხდება და სიმართლე გაიმარჯვებს. გთხოვთ, გაავრცელოთ ეს პოსტი, რათა დავძლიოთ სიცრუის ნაკადი“, – წერს სააკაშვილი.