მიხეილ სააკაშვილი - არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის, ასე დაარქვეს პიარისთვის, ის ოფიცრები დაკავებულნი იყვნენ, ომის შემდეგ მოხდა 280 სამხედროს ამნისტია, მათ შორის ერთი, ჩემ მიერ ამნისტირებული თმით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში
მიხეილ სააკაშვილი - არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის, ასე დაარქვეს პიარისთვის, ის ოფიცრები დაკავებულნი იყვნენ, ომის შემდეგ მოხდა 280 სამხედროს ამნისტია, მათ შორის ერთი, ჩემ მიერ ამნისტირებული თმით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში

ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე იმ ორ საქმეზე ისაუბრა, რომელზეც გასამართლებულია.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ორივე საქმის განაჩენი ემსახურებოდა იმას, რომ მას საქართველოსკენ არ გამოეხედა.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, არანაირი გირგვლიანის საქმე არ არსებობს და მას ასე მხოლოდ პიარისთვის უწოდებენ.

„რაც შეეხება იმას, რაზეც ვარ გასამართლებული. მე უკვე ორ საქმეზე ვარ გასამართლებული, რომ არ გამომეხედა საქართველოსკენ. ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას – პრეზიდენტის მიერ შეწყალებას ე.წ. გირგვლიანის საქმეზე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის. ასე დაარქვეს პიარისთვის. ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები, 2008 წლის ომის შემდეგ მოხდა ამნისტია სამხედროების, 280 სამხედროსი, მათ შორის ერთი თმით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, ჩემ მიერ ამნისტირებული. ოღონდ ამნისტია კი არ მოხდა, ორჯერ მოხდა საპატიმრო ვადის შემცირება, განახევრება. იქიდან გავიდა კიდევ ექვსი თვე და ორმა სხვადასხვა მოსამართლემ გამოუშვა ესენი „უდოთი“ და აქედან ერთი მე მასამართლებს პიჯაკების საქმეზე. მართლა ხომ არ ბნელა, ხალხო? ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გელაშვილის საქმეზე საუბარიც ზედმეტია, რადგან საქმეში სამარცხვინო ჩვენებაა.

„მეორე საქმეზე აღარ ვლაპარაკობ. გელაშვილის საქმეზე ერთადერთი ჩვენება არის, კლასიკური ტერმინი, მე გავიგე, რომ იმან გაიგო – აი, ამ ჩვენებით ვარ გასამართლებული, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სამართლებრივ სისტემაში არ შეიძლება იყოს მიღებული, როგორც მტკიცებულება. რა გასაკვირია, რომ როცა ეს განაჩენები გამოიტანეს და „ინტერპოლს“ გაუგზავნეს, „ინტერპოლმა“ გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ ეს განაჩენები, როგორც სამარცხვინო, და არც დაუწყიათ განხილვა. მე თვითონ ველაპარაკე „ინტერპოლის“ დირექტორის მოადგილეს, რომელმაც თქვა, რომ თქვენი პროკურატურა არის სამარცხვინო“, – განაცხადა სააკაშვილმა.