მიხეილ სააკაშვილი - არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას, ახლა გვჭირდება ერთიანობა და წინააღმდეგობის მოძრაობა
მიხეილ სააკაშვილი - არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას, ახლა გვჭირდება ერთიანობა და წინააღმდეგობის მოძრაობა

არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას, ახლა გვჭირდება ერთიანობა და წინააღმდეგობის მოძრაობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტის მიერ გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალი შემადგენლობის ნდობის გამოცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს პერსპექტივები და ქვეყანას აღარ აქვს დასაკარგი არათუ წლები, არამედ თვეები.

ამასთან, სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი უკანონოა, რომელიც არ ეფუძნება ქართველი ერის ნებას.

„არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას, ახლა გვჭირდება ერთიანობა, გვჭირდება წინააღმდეგობის მოძრაობა. საქართველოს აქვს უმაგრესი პერსპექტივები, საქართველოს აღარ აქვს დასაკარგი არათუ წლები, არამედ თვეები. ივანიშვილის რეჟიმი, განსაკუთრებით დღევანდელი დღიდან, თუმცა უკვე მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არის ბოლომდე უკანონო. ის არის არალეგიტიმური, რადგან საერთოდ არ ეფუძნება ქართველი ერის ნებას, ეფუძნება მხოლოდ ძალადობას, დაშინებასა და მოსყიდვას. ამგვარად, ყველანაირი მორალის ფარგლებში მოქმედება უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არის კანონიერი, გამართლებული და ზნეობრივი. საქართველოს სჭირდება სწრაფი ცვლილება და ეს ცვლილება არ არის მხოლოდ 2020-ის არჩევნები, როდესაც უბრალოდ გვეუბნებიან მოდით 2020-ის არჩევნებს დაველოდოთო. ჩართულია ორი წამზომი, საქართველოს წამზომი და ივანიშვილის წამზომი. ან ივანიშვილი მოასწრებს საქართველოს წამზომის ბოლომდე მიყვანასა და საქართველოს აფეთქებას, ბოლომდე განადგურებას ან ივანიშვილის წამზომი უფრო ადრე ჩამოვარდება და ივანიშვილი მოშორდება საქართველოს. მესამე აქ არ არსებობს. ჩვენ ვმუშაობთ დროის წინააღმდეგ და დრო მუშაობს ახლა ჩვენ წინააღმდეგ. მე ვიცი, რომ ბევრს აქვს სურვილი, ხელები ჩამოუშვას. პირიქით. ახლა არის მოქმედების დრო. შიზოფრენიკი, ავადმყოფი გახარია და ავადმყოფი ივანიშვილი ვერ იქნებიან ქართველი ერის დამჩმორებლები. „კადიროვშინა“ საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, პუტინის გეგმა საქართველოში ვერ შესრულდება, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ჩვენ გვჭირდება ახლა ორგანიზება და ერთიანობა, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე აქამდე, ყველაფერი გამოგვივა. რა თქმა უნდა, მე ამ ყველაფერში აქტიურად ვარ ჩართული. საქართველო აცუილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. მთავრობამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“.