მიხეილ სააკაშვილი - ატეხეს ერთი ამბავი, უი, ალტერნატიული მთავრობა შექმნესო. თუ მაგარი მთავრობა ხარ, ალტერნატიული მთავრობის რატომ უნდა შეგეშინდეს
აქ ატეხეს ერთი ამბავი – უი, ალტერნატიული მთავრობა შექმნესო. თუ მაგარი მთავრობა ხარ, ალტერნატიული მთავრობის რატომ უნდა შეგეშინდეს? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ლიეჟში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ჩრდილოვანი კაბინეტი ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.
„აქ ატეხეს ერთი ამბავი – უი, ალტერნატიული მთავრობა შექმნესო. თუ მაგარი მთავრობა ხარ, ალტერნატიული მთავრობის რატომ უნდა შეგეშინდეს? მაგაშია უბედურება, რომ საქართველოს აღარ ჰყავს მთავრობა. ეს გოგო-ბიჭები, რომლებსაც მთავრობას უწოდებენ, დიდი ხანია, აღარ არიან. გამოდიან და ეს რა უბედურება მოხდა, ჩრდილოვანი კაბინეტი არის ყველა ცივილიზებული ქვეყნის ჩვეულებრივი მოვლენა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ არ იქნება კალაძე, ვინ იქნება თბილისის მერი, თუ არ იქნება ბახტაძე, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, თუ არ იქნება განათლების მინისტრს რომ უწოდებს თავის თავს, ვინ იქნება განათლების მინისტრი, თუ არ იქნება ერთი ჯანდაცვის მინისტრი უდღეური, ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი და რას აპირებს ეს ხალხი. უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოში არის ძირითადად ყველა ასაკის ხალხი, არის ნორმალური ხალხი, განათლებული, რომელსაც უყვარს სამშობლო და არ მოიპარავს ფულს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს თვალსა და ხელს შუა ანადგურებენ.
„როდესაც ისინი ქუთაისს კლავენ და ქუთაისიდან პარლამენტი მიაქვთ, ისინი აფზახეთში დაბრუნების იდეას კლავენ. როდესაც საქართველოში პრეზიდენტის შენობა გააუქმეს, ამით ივანიშვილმა ის კი არ ქნა, რომ არც ერთი არჩეული ხელისუფლება ჩემზე უკეთეს შენობაში არ იჯდებაო, ამას შინაარსი აქვს, მერე დანიშნავენ ვიღაც ცაბოევას, რომელიც არის ოსი სეპარატისტების მთავარი ლობისტი, რუსების დაქირავებული ევროპაში და ცაბოევა ახლა არის პრეზიდენტის ხელდასმული მრჩეველი კონფლიქტების საკითხში. თვალსა და ხელს შუა ხდება საქართველოს, როგორც ორგანიზმის, განადგურება. რა არის ეს, თუ არა ომი? რა არის ეს, თუ არა რაც დაგვიბარა პუტინმა – ვერ ავიღეთ თბილისი, მაგრამ მოვა დრო და ქართველი ხალხი საკუთარი ხელით გამოუტანს წირვას საკუთარ სამშობლოს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ვენესუელის მაგალითზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქაურმა ხალხმა ყველა კარზე დააკაკუნა და ახლა მათი გამარჯვება ძალიან ახლოსაა.
„ჩვენ ინსტრუქტაჟს ვუტარებდით ვენესუელის ოპოზიციას, თუ როგორები ვიყავით მშვიდობიან 2011 წელს. ერთ-ერთი, რაზეც მასამართლებდნენ, არის ამ მიმართულებით გამოყენებული ჩვენი რესურსი. გააკეთა იმ ხალხმა – ყველა კარზე დააკაკუნა, ყველგან მოიარა და პრაქტიკულად ახლა გამარჯვება ძალიან ახლოსაა. რითი ვართ ჩვენ ვენესუელას ხალხზე ნაკლები? იქ რომ ფული ჰქონდა ოლიგარქატს, ივანიშვილს არ დაესიზმრება. იქ ფული მიწიდან მოდის და ყველაფერი მათ ჯიბეებში მიდიოდა. მარტო მაიამიში დაიჭირეს ჩავესის ყოფილი მცველი და მოპარული მილიარდი დოლარი ჩამოართვეს. ასეთი გახრწნილი რეჟიმიც დაამარცხა ხალხმა, როცა გაერთიანდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.