მიხეილ სააკაშვილი ამერიკელმა ადვოკატმა მოინახულა
მიხეილ სააკაშვილი ამერიკელმა ადვოკატმა მოინახულა

მიხეილ სააკაშვილი ამერიკელმა ადვოკატმა მოინახულა. როგორც ადვოკატმა მასიმო დანგელომ კლინიკა „ვივამედიდან“ გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სააკაშვილთან შესვლის საშუალება ჯერჯერობით არ ეძლევა მის მოსანახულებლად ჩამოსულ ექიმ ჯეიმს კობის.

„დიდი გზა გამოვიარეთ, რომ ჩამოვსულიყავით აქ და გვენახა პრეზიდენტი სააკაშვილი, ძალიან მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის და ერისთვის, რომელიც დაეხმარა სოციალური იდენტობის შექმნას აქ. ჩვენ პირდაპირ ვმუშაობთ აშშ-ისა და უკრაინის საელჩოებთან. ჩვენთან ერთად არის ექიმი ჯეიმს კობი, რომელმაც მოიგო ნობელის მშვიდობის პრემია. ის ელოდება პრეზიდენტ სააკაშვილის ნახვას. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს შესვლის დასტური, რომ ვნახოთ პრეზიდენტი სააკაშვილი. საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ნობელის მშვიდობის ლაურეატი ჩამოვიდა პაციენტის სანახავად და ჯერ კიდევ არ აქვს ამის შესაძლებლობა. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მოვიპოვოთ ნებართვა ექიმი კობისთვის, რათა შეაფასოს სააკაშვილის მდგომარეობა“, – განაცხადა მასიმო დანგელომ.

ადგილზე იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, რომლის თქმით, სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი აკერმანის იურიდიულ კომპანიას წარმოადგენს.

„აკერმანი შედის ამერიკის შვიდ საუკეთესო იურიდიულ კომპანიაში. დაახლოებით 700 ადვოკატი ჰყავს ამერიკის ფარგლებში. მას აქვს მსგავსი ტიპის საქმეებზე მუშაობის დიდი გამოცდილება. ბევრი ცნობილი ადამიანის საქმეში იყო ჩართული, როგორც ადვოკატი და ამ საქმეშიც ჩაერთო, როგორც ადვოკატი ამერიკიდან. თუმცა, ჩვენი კანონმდებლობით მას სასამართლო პროცესზე გამოსვლის უფლება არ ექნება, ამიტომ იგი წარმოადგენს სასამართლოში სასამართლო მეგობრის დასკვნას, სადაც აღწერილი იქნება მსგავსი ტიპის საქმეებზე ამერიკის და საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა და მიმართულებები. სამართლებრივ საკითხებზე ექნება ბატონ სააკაშვილთან საუბარი. მოგეხსენებათ, ეს მუხლი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, 238-ე მუხლი ერთადერთია მთელ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სადაც სამართალი და მედიცინა გაერთიანებულია. დამერწმუნება ყველა მოსამართლე და ადვოკატი, რომ ამდენხანს საქართველოში რაიმე კონკრეტული მყარი პრაქტიკა არ იყო ჩამოყალიბებული. ამაშიც სააკაშვილი პირველია და მის საქმეზე ეს პრაქტიკა ჩამოყალიბდება. იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საბოლოოდ საექსპერტო დასკვნაში იქნება ხაზგასმული, რომ არის მძიმე პაციენტი“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში საქართველოში ჩამოვლენ ექსპერტებიც, რომლებიც სააკაშვილის საქმეში ჩაერთვებიან.

„ახლა, რაც შეეხება საექსპერტო დასკვნას, დღეს-ხვალ ჩამოვა ორი ექსპერტი, ერთი ლახანი, მეორეზე გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ. მესამეზე ხარვეზი დაადგინეს რაღაც და ხვალ შევიტანთ, რომ ოთხშაბათს ან პარასკევს გაიცეს ეს დასკვნა. პრინციპში ამ კვირაში ან იმ კვირის დასაწყისში ბატონ სააკაშვილთან საექსპერტო სამუშაოები დამთავრებული იქნება. დაველოდებით მათ წერილობით დოკუმენტაციას, რომელიც ასევე ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში იქნება, რადგან ძირითადად ეს ექსპერტები საქმის მასალებს და ავადმყოფობის ისტორიას იცნობენ. მათი ერთადერთი თხოვნა და მოთხოვნა იყო, რომ პირადად შეხვედროდნენ და გაესინჯათ პაციენტი. დოკუმენტები თითქმის მზადაა. ხვალ უნდა შევიდეს ნევროლოგი ბატონი ლახანი. მესამე ექსპერტთან დაკავშირებით ველოდებით პასუხს და მეორე ექსპერტის დასახელებისგან თავს შევიკავებ, ტრავმატოლოგია. რამდენიმე ქართველი ექიმიც ჩაერთო პროცესში და ესეც ამ დღეებში გახდება ცნობილი. ერთი გასტროენტეროლოგი, რომელიც ამერიკიდანაა, ველოდებით ნებართვას ჯანდაცვის სამინისტროდან“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.