მიხეილ სააკაშვილი - ახლა უნდა წავიდეთ წინ, ერთმანეთზე ნუ ვიეჭვიანებთ, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ
მიხეილ სააკაშვილი - ახლა უნდა წავიდეთ წინ, ერთმანეთზე ნუ ვიეჭვიანებთ, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ

ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს, ამას ვამბობ ადამიანი, ვისაც აქვს გამარჯვების და მარცხის გამოცდილებაც, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მორიგი „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა.

„ვგრძნობ, რომ ახლოს არის გამარჯვება, უბრალოდ ბევრი დრო არ გვაქვს, ახლა საჭიროა ენერგიული მოქმედება, ერთი წამით არ არის ხელების ჩამოშვების და დანებებაზე ფიქრის დროც კი. ახლა უნდა წავიდეთ წინ და მოდი, ერთმანეთზე ნუ ვიეჭვიანებთ. თუ ვინმეს შეუძლია, ჩვენზე წინ უფრო სწრაფად წავიდეს, გავყვებით ჩვენ, თუ არ უნდათ ჯერ წინ წასვლა, ჩვენ ნუ შეგვიშლიან ხელს. ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ.

ახლა ფრონტის გაშლის დროა, ახლა არ არის ერთმანეთის გაკონტროლების დრო. დრო არის გაშლის, ახალი სისხლის, ახალი ენერგიის, ახალი ხალხის ჩართვის დრო. უნდა გამოვიდეთ კაბინეტებიდან და მოვედოთ ყველა ქუჩას და ვაგრძნობინოთ ხალხს, რომ ხალხი იმისთვის კი არ გვინდა, რასაც ივანიშვილი აკეთებს, პირიქით ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ხალხს დავუდგეთ გვერდით საქართველოს გადასარჩენად“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მხარს უჭერს მეუღლის, სანდრა რულოვსის მოწოდებას.

„არავის არ აქვს პრეტენზია ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებაზე, მაგრამ ერთ რაღაცაში ვეთანხმები სანდრას, ახლა მხოლოდ წინსვლა, მხოლოდ შეტევა შუშის სასახლეს. სანამ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა არ მოშორდება საქართველოს, არჩევნების ჩატარება ნორმალურად არ გამოვა. რა თქმა უნდა, ხელისუფლება საბოლოო ჯამში უნდა შეიცვალოს არჩევნებით, მაგრამ არჩევნებს წინ უნდა უძღოდეს ივანიშვილის სისტემის მორყევა, რადგან არაფორმალურ სისტემაში ფორმალურად, სწორად ვერ ჩაატარებ არჩევნებს. ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ ყველა ერთად. რაც შემეხება მე – პირველივე დიდი ტალღის შექმნაზე, პირველივე მასშტაბურ რაღაცაზე უმალ გავჩნდები თქვენთან. ახლა ჩვენი ამოცანაა, გავშალოთ ფრონტი, ბევრი ხალხი გვყავდეს, ერთი წამით არ გავჩერდები არსად. მე ვიქნები თქვენთან ერთად საქართველოში, მაგრამ ამისთვის გვჭირდება ყველას ერთად მუშაობა. მე ვმუშაობ ემიგრაციაში, აქ ჩამოსულ ქართველებში, ესეც ძალიან დიდი ძალაა, რომელიც გვაძლიერებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.