მიხეილ სააკაშვილი - ახლა ის დროა, როცა ყველა ჩვენგანმა სახლში, სამსახურში, სამეზობლოში, ეზოში, უბანში საქართველოს გადარჩენის შტაბები გავხსნათ
მიხეილ სააკაშვილი - ახლა ის დროა, როცა ყველა ჩვენგანმა სახლში, სამსახურში, სამეზობლოში, ეზოში, უბანში საქართველოს გადარჩენის შტაბები გავხსნათ

ახლა ის დროა, როდესაც ყველა ჩვენგანმა სახლში, სამსახურში, სამეზობლოში, ეზოში, უბანში გავხსნათ საქართველოს გადარჩენის შტაბები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შტაბის გახსნისას ტელეფონით ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ცხრა წელი საქართველოს ისტორიის მრავალი საუკუნის განმავლობაში ყველაზე წარმატებული იყო.

„მაგრამ მოდით, წარსულზე ნუ ვიკამათებთ, ვიკამათოთ იმაზე, რომ მომავალში შევქმნათ ისეთი წარმატება, როდესაც ყველანი შევთანხმდებით, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული, მიუხედავად იმისა წარსულში „ოცნებაში“ ვიყავით, „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუ ნებისმიერ სხვა პარტიაში ან საერთოდ არც ერთ პარტიაში არ ვიყავით. დამთავრდა დრო ეს რაღაც ვერტიკალური ხელისუფლებების, ზემოდან ქვემოდან მართვის, ზემოდან ქვემოდან ინსტრუქციების მიცემის. საზოგადოება არის ახლა ბევრად უფრო თანასწორი, ბევრად გონება გახსნილი, ბევრად გამოცდილი, ბევრად მონდომებული, რომ არავინ თავზე არ წამოისვას. ამიტომ ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ესენი გადავაგდოთ და ვიღაცა წამოვასვათ თავზე, ჩვენი ამოცანა არის, რომ საზოგადოებამ ისწავლოს თავისი ქვეყნის მართვა მთლიანობაში ჰორიზონტალურად“ ,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ხელისუფლებაში, მართვის პროცესში ახალგაზრდების როლზე.

„ახალგაზრდობის დიდი რაოდენობა უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში სამართავად. ხელისუფლების კონცეფცია შეიცვალოს მთლიანად, ნატამალი აღარ ქონდეს არც ავტორიტარიზმის, არც ფეოდალიზმის, თუნდაც ერთი ჯგუფის მმართველობის და მით უმეტეს ერთი კაცის მმართველობის. ეს უნდა იყოს საზოგადოება, სადაც ყველა იქნება ორგანიზებული და ყველას ესმის, რომ საერთო რაღაცებია, რაზეც ყველანი ვთანხმდებით. ეს არის ჩემი ამოცანა. მე მინდა გითხრათ, რომ ამ ამოცანას ჩვენ ნამდვილად გადავწყვეტთ. მოდით, დავანებოთ თავი განსხვავებებს. მე თვითონ შევუწყობ ხელს, რომ ბიბლიოთეკაში ისხდნენ ადამიანები, დღეც და ღამეც იმუშავებენ დიდ გეგმებზე, რომელსაც არ ექნება რაღაცა პარტიული მიკერძოება, და იმუშავებენ იმაზე, რა უნდა იყოს შემდგომ“ ,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.