მიხეილ სააკაშვილი - აღმოჩნდა, რომ ზაზა ოქუაშვილი არის ქართველი კაცი ღირსებით
მიხეილ სააკაშვილი - აღმოჩნდა, რომ ზაზა ოქუაშვილი არის ქართველი კაცი ღირსებით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ეთერში განაცხადა.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში საბანკო მაფია არსებობს.

„ხომ ვიძახოდი, რომ საბანკო მაფია არის ივანიშვილის მაფია. საქმეს რომ დასჭირდა, „თი-ბი-სი“ და „საქართველოს ბანკიც“ დაუდგა იმიტომ, რომ ისინი კრედიტების მეშვეობით ძარცვავენ ჩვენს ხალხს. მელამ დაიმოწმა თავის კუდებიო. ეს არის ერთი დანაშაულებრივი ორგანიზაცია, „საქართველოს ბანკიც“, „თი-ბი-სიც,“ ივანიშვილის „ქართუ ბანკიც“, რუხაძის ბანკი „ლიბერთი“, რომელსაც მე მოვუგე ჰოლანდიის სასამართლოში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საზოგადოება უნდა მობილიზდეს და ამხილოს მმართველი პარტია, მათ შორის, თუნდაც ჩანაწერების მეშვეობით, ისევე, როგორც ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა. მან ასევე ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ რეკეტის შესახებ ხმამაღლა ისაუბრონ. სააკაშვილის თქმით, უნდა შეიქმნას „თვითდაცვის საზოგადოებრივი მშვიდობიანი ორგანიზაცია“.

„ივანიშვილს ეგონა, რომ ყველას „დააჩმორებდა“ და აღმოჩნდა, რომ ოქუაშვილი არის ქართველი კაცი. მე ამ კაცს არ ვიცნობდი მაინც და მაინც… ახლა საჯაროდ, ასე მივხვდი, რასაც აკეთებს. ყველამ გავიცანით, როგორც გავიცანით. მართალი გითხრათ, ძალიან ზედაპირული წარმოდგენა მქონდა მასზე. მაგრამ ერთი რაღაც დავინახე. დავინახე, რომ ეს არის ქართველი კაცი თავის ღირსებით. ქართველებს ისე ვერ „დააჩმორებენ“, როგორც რუსებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.