მიხეილ სააკაშვილი - აღარ ვარ იმ ასაკში, ქუჩა-ქუჩა ვირბინო და ციხეში იატაკი ვხეხო
მიხეილ სააკაშვილი - აღარ ვარ იმ ასაკში, ქუჩა-ქუჩა ვირბინო და ციხეში იატაკი ვხეხო

​ჩემი პირადი აზრია და რწმენა, რომ წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, არ მინდა, რომ ეს მოხდეს ქაოსის, ქუჩის და არეულობის გზით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ყველას მაგივრად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ალბათ, შეთანხმება ადვილად მისაღწევი იქნება. რაც შეეხება იმას, რომ მერე პარლამენტში ვიღაცამ იმუშაოს, ამაზე პასუხი მარტივია. თუ ნაპირზე არ შევთანხმდით, წყალში შესვლას აზრი არ აქვს. ჩვენ ხომ ვიცნობთ ივანიშვილს, ცხრა წელია ვიღაცები პარლამენტში მუშაობენ და რას მივაღწიეთ, ერთი რამე მითხარით. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხალხს თვალები დათხარეს და ამის მერე შეეშინდა „ოცნებას“ და ივანიშვილმა მაშინ ხალხს მისცა შედარებით უფრო პროპორციული სისტემა, ვიდრე მანამდე იყო.

ჩემი პირადი აზრია და რწმენა, რომ წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს ქაოსის, ქუჩის, არეულობის გზით. მინდა, რომ ეს მოხდეს ინსტიტუტების გამოყენებით, მინდა, ეს მოხდეს თავისუფალ არჩევნებში. მინდა, რომ ამის შემდეგ არ იყოს არავის მიმართ შურისძიება და იგივე წრეზე წასვლა, რაც ცხრა წელი ჩვენ ვიარეთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ესახება მას ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა, სააკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში.

„ძალიან ვისურვებდი, როგორც ადამიანი, რომელიც უკვე აღარ არის იმ ასაკში, რომ ქუჩა-ქუჩა ვირბინო და ციხეში იატაკი ვხეხო, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ინსტიტუციურად, კანონის ფარგლებში და შეთანხმების გზით. ეს არის ჩემი ბუნებრივი ინსტინქტი”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.