მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პოსტი, რომელიც მის გვერდზე აღარ იძებნება, მას არ დაუწერია - როგორც ჩანს, სუს-მა მოახერხა ჩემი გვერდის გატეხვა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პოსტი, რომელიც „ფეისბუქში“ მის გვერდზე აღარ იძებნება, მას არ დაუწერია.
„სუსმა, როგორც ჩანს, მოახერხა მაინც ჩემი პეიჯის გატეხვა, უკვე მეორეჯერ, რაღაც სრულიად გაურკვეველი ტექსტით.
ახლა მივწერე Facebook-ს რომ დამატებით დაცვები დაამატოს.
მაინც არაფერი არ გამოგივათ მეგობრებო, არც ერთ ამ თემაზე, რომელზეც ახლა ნერვიულობთ.
რისი თქმა უნდოდათ ამ ტექსტით ეგეც ვერ გავიგე ბოლომდე…“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
„ფეისბუქში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის გვერდზე დღეს შემდეგი შინაარსის პოსტი გამოქვეყნდა: „როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და „ქოცებს“ დამსახურებულად შეეტენოთ, რადგან რეალურად, ეს მათი ბრალია. ეს იქნება საბოლოო და შეუვალი განაჩენი, 15 000 ადამიანი დაგვეღუპა აფხაზეთში, აქ თვეში 1 000 კაცზე და მეტზე გავალთ. მოკლედ, მძლავრი კამპანია გვჭირდება, „ივანიშვილი გკლავს“, ეგეთ სტილში“.
აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში საჯარო იყო, თუმცა მოგვიანებით წაიშალა.