მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის შედარება მხოლოდ გიორგი ბრწყინვალის ან დავით აღმაშენებლის ეპოქასთან შეიძლება
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის შედარება მხოლოდ გიორგი ბრწყინვალის ან დავით აღმაშენებლის ეპოქასთან შეიძლება

​ცხრა წელი იყო ოქროს ეპოქა ​საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, მისი წიგნის პრეზენტაციაზე ოდესიდან „სკაიპით“ ჩართვისას განაცხადა.

„საქართველო იყო უმაღლესი ლიგის მოთამაშე და გადააქციეს რაღაც „ჭე“ კლასში, რაღაც მესამე ლიგაში, ჩამორჩენილ, განუვითარებელ ქვეყნებთან, არშემდგარი ქვეყნების რიგში ჩააყენეს ისევ. ჩემ წიგნში კარგად არის ახსნილი, როგორ აღმოვჩნდით ჩვენ მსოფლიო პროცესების წარმართვის შუაგულში. საქართველო დაისაჯა იმიტომ, რომ განვითარდა სწრაფად და წარმატება ჰქონდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის ხანის შედარება მხოლოდ გიორგი ბრწყინვალის ან დავით აღმაშენებლის ეპოქასთან შეიძლება.

„ჩვენმა მტერმა ყველაფერი გააკეთა, რომ ცხრა წლისთვის მიეკრა კლიშე, სისხლიანი ცხრა წელი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იყო ყველაზე სწრაფი, ყველაზე თავბრუდამხვევი, განსაკუთრებული განვითარების ცხრა წელიწადი. ამ ცხრა წლის განვითარების მთავარი გვირგვინი უნდა ყოფილიყო ლაზიკის პორტი და ქალაქი ლაზიკა, რომელიც სინამდვილეში არის ზუგდიდის გაგრძელება. რამდენი კამათია ახლა რაღაც სისულელეებზე და ფაქტი არის ერთი – 2013 წელს მე რომ ვყოფილიყავი ჯერ კიდევ საქართველოს ხელისუფლებაში, 2013 წლის ბოლოსთვის, ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს ჩვენ დავამთავრებდით ლაზიკის პორტის ამოქმედებით და ზუგდიდის, როგორც ქალაქის, სიდიდით სამჯერ გაზრდით და შემოსავლების რამდენიმე ათეულჯერ გაზრდით“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.