მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბათუმში „ალტერნატიული მთავრობის“ ჩამოყალიბების საკითხზე ახალგაზრდების ჯგუფს კონსულტაციებს უწევს [ვიდეო]

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბათუმში ახალგაზრდების ჯგუფმა ჩამოაყალიბა აჭარის „ალტერნატიული მთავრობა“ და ქალაქის „ალტერნატიული მერია“.  მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ამბობს, რომ „ალტერნატიული მთავრობის“ საკითხზე ახალგაზრდების ჯგუფს კონსულტაცია უკვე გაუწია და მთავრობის პირველი სხდომის ორ კვირაში ჩატარება შესთავაზა.

ვიდეოჩანაწერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აჭარის „ალტერნატიული მთავრობის“ წევრებს მიმართა, მოამზადონ პროექტები, რომელზეც ელექტრონულ კენჭისყრებს სოციალურ ქსელში ჩაატარებენ. სააკაშვილი ამბობს, რომ შეხვედრებში მონაწილეობას ვიდეო-ჩართვების საშუალებით მიიღებს.

„მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაგარი ინიციატივაა ეს „ალტერნატიული მერია“, რადგან რეალურად, საქართველოს ახლა ხელისუფლება არ ჰყავს. რეალურად, რაც არის უბრალოდ რაღაც ბანდერლოგების ჯგუფია, რომელიც დაეპატრონა ქალაქს და “სახლობანას” თამაშობენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.