მიხეილ სააკაშვილი - 31 ოქტომბრის შემდეგ დღევანდელ მეტოქეებს უნდა გავუწოდოთ ხელი და ვუთხრათ, დავივიწყოთ წარსული მტრობა
მიხეილ სააკაშვილი - 31 ოქტომბრის შემდეგ დღევანდელ მეტოქეებს უნდა გავუწოდოთ ხელი და ვუთხრათ, დავივიწყოთ წარსული მტრობა

„ნაციონალურმა მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ რუსთავში მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით კირკიტაძე წარუდგინა.

შეკრებილებს უკრაინიდან სიტყვით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მან რუსთაველებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა, რომ დავით კირკიტაძეს უჭერთ მხარს, რადგან დათოს თავდავიწყებით უყვარს თავისი ქალაქი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად თავისი სამშობლო. უაღალატო ადამიანია, რომელიც ამდენი წელი არ გატყდა ციხის, დევნის, ათასგვარი შევიწროების მიუხედავად, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა თქვენგანი. ახლა უკვე დგება საბოლოოდ გამარჯვების დრო, 2020 წლის 31 ოქტომბერი არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის გამარჯვების, არამედ თითოეული ჩვენგანის ხელით საქართველოს საბოლოოდ გადარჩენის, განვითარების, წინსვლის, გაბრწყინების დიდი ეპოქა გაიხსნება.

რა თქმა უნდა, ივანიშვილი ემზადება დიდი გაყალბებისთვის, ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით, ის მიმართავს ათასგვარ ხრიკებს, მაგრამ, დაე, ემზადოს გაყალბებისთვის, ჩვენ, ქართველი ხალხი ვემზადებით დიდი გამარჯვებისთვის. სწორად ითქვა, რომ მარჯვნივ, მარცხნივ, ცენტრში ყველაფერი დათოს გაკეთებულია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. უფრო მეტსაც გეტყვით, საქართველოში ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაკეთებული და ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის გაფუჭებული. გაფუჭების რესურსი საქართველოში ამოწურულია, გასაფუჭებელი ძალიან ცოტა რამ დარჩა. ახლა ისევ გაკეთების, აღმშენებლობის დროა. ვის შეუძლია აღმშენებლობა თუ არა იმ ხალხს, ვისაც ეს ერთხელ უკვე ნაკეთები აქვს, რადგან ყველაფერი დანარჩენი არის ლაპარაკი და ზოგადი ფრაზები. ამ ხელებს აქვთ გაკეთებული, დათოს ხელებს აქვს ნაკეთები, ყველა მად მდგომის ხელებს აქვს ნაკეთები, დევი ჭანკვეტაძის ხელებს აქვს ნაბრძოლი და ეს იგივე ხელები ჩაკიდებული თქვენ ხელებთან, ერთმანეთის გვერდით დგომით ყველაფერს შევძლებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, 31 ოქტომბრის შემდეგ მეტოქეებს და მათ კრიტიკოსებს უნდა გაუწოდონ ხელი და წარსული მტრობა დაივიწყონ.

„მინდა, ვუთხრა ყველას, იმ ხალხსაც, ვინც ადრე ჩვენთვის ხმა არ მუცია, მეგობრებო, ახლა დგება დრო საქართველოს ხელახლა გაერთიანების. რვა წელი ივანიშვილი გვყოფდა, გაყოფა სატანისგან არის, ივანიშვილი გვყოფდა, გადაგვკიდა ერთმანეთს. მინდა, ყველას ვუთხრა, 31 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ დღევანდელ მეტოქეებს, დღევანდელ და გუშინდელ კრიტიკოსებს აუცილებლად უნდა გავუწოდოთ ხელი და ვუთხრათ, დავივიწყოთ წარსული მტრობა, დავივიწყოთ ყველანაირი ბოღმა, არავინ უნდა ჩაიდოს გულში, დავივიწყოთ ყველაფერი, რაც თქვენ გაგვიკეთეთ ცუდი, მე ამას ნამდვილად ვიტყვი. მოდით, ყველამ ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ ქართველი ერი გაერთიანდეს და საქართველოს ერთად ავუშენოთ მომავალი. მიუხედვად ყველაფერისა, ჩვენ გვაქვს გამარჯვების, პატიების, დამარცხებული მოწინააღმდეგისთვისხელის გაწოდების ძალაც და ყველასთან ერთად ახალი საქართველოსაშენების ძალაც, ენერგიაც, გამოცდილება და ახალი იდეები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.