მიხეილ სააკაშვილი - 2003 წელს ელჩი რიჩარდ მაილსი მუდმივად მეუბნებოდა, მეორე ადგილს დავთანხმებოდი, მაგრამ გავიმარჯვე, რის შემდეგაც ჯორჯ ბუშმა დამირეკა, მომილოცა და ჩამიხუტა
მიხეილ სააკაშვილი - 2003 წელს ელჩი რიჩარდ მაილსი მუდმივად მეუბნებოდა, მეორე ადგილს დავთანხმებოდი, მაგრამ გავიმარჯვე, რის შემდეგაც ჯორჯ ბუშმა დამირეკა, მომილოცა და ჩამიხუტა

2003 წელს ელჩი რიჩარდ მაილსი მუდმივად მეუბნებოდა, მეორე ადგილს დავთანხმებოდი. არ დავთანხმდი, გავიმარჯვე, რის შემდეგაც ჯორჯ ბუშმა დამირეკა, მომილოცა და ჩამიხუტა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

ამით სააკაშვილი გამოეხმაურა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს ოპოზიციისადმი, რომ პარლამენტში შევიდნენ.

„2003 წელს საქართველოში იყო ასეთი ელჩი, რიჩარდ მაილსი, რომელიც თავის რეზიდენციაში მოლაპარაკების რაუნდს აწარმოებდა ჩემსა და ჯორბენაძეს შორის და მუდმივად მეუბნებოდა, დათანხმდით მეორე ადგილს, თუმცა ჩვენ მყარი პირველი ადგილი გვქონდა. ბოლოს გვეუბნებოდა: დათანხმდით მესამე ადგილს იმიტომ, რომ არ გვინდა არეულობა რაღაცაზე უნდა შეთანხმდეთ, ჩვენი ინტერესია თქვენ შეხვიდეთ პარლამენტში და იქ იბრძოლოთ. მერე დავთანხმდი? რომ არ დავთანხმდი და გავიმარჯვე, მერე დამირეკა ბუშმა, ჩამიხუტა, მომილოცა, ჩამოვიდა. ჩემს ინაუგურაციაზე კოლინ პაუელი ჩამოვიდა, ათასჯერ მიმიღეს ტრიუმფით და ა.შ. ასე ხდება, როდესაც შენი უფლებებისთვის ბოლომდე იბრძვი.

ეს არის ჩვენი ქვეყანა, ვერავინ ვერ გვაიძულებს და მიგვაღებინებს იმას, რაც ჩვენი თავისუფლების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ახლა დასაკარგი დრო გვაქვს, რომ ვიღაც შევიდეს გაყალბებულ პარლამენტში, დაჯდეს, იცოდვილოს და ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ ჩაიძიროს?“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა 2013 წელს უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო ტალღაზე. მისივე თქმით, ევრომაიდანის მოვლენების დროს, ოპოზიციის სამმა ლიდერმა, ევროპის ზეწოლით, უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტთან, ვიქტორ იანუკოვიჩთან შეთანხმება გააფორმა, თუმცა ხალხმა იანუკოვიჩს მაინც გადადგომა აიძულა.

„უკრაინაში როცა მაიდანი იყო, მერკელისა და შტაინმაიერის დიდი ზეწოლის შედეგად, მაშინდელი ოპოზიციის სამმა ლიდერმა ხელი მოაწერა იანუკოვიჩთან შეთანხმებას, რომ იანუკოვიჩი კიდევ ერთი წელი უკრაინის პრეზიდენტად რჩებოდა. ნუ რა ექნათ ახლა, ევროპა აწვებოდა, იმათ მოლაპარაკებები უნდოდათ. მერე ეს ადამიანები გავიდნენ ხალხთან, მაიდანზე. იქ იყო ჩემი ერთი მეგობარი, ვალოდია პარასუკი. როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხალხს გამოუცხადეს: „რა ვქნათ ხალხო, ასე მოგვაწვნენ და მოველაპარაკეთ“, გამოვიდა ვალოდია პარასუკი და თქვა: „საერთოდ არ მაინტერესებს თქვენ რაზე მოილაპარაკეთ, ამდენი კვირა ჩვენ აქ რისთვის ვდგავართ, რისთვის ვიყინებით, რისთვის ვაკლავთ თავს, მე, ვალოდი აპარასუკი გეუბნებით, თქვენი მოლაპარაკება ჩემთვის არაფერს ნიშნავს, წავედი და ახლავე მოვაშორებ იანუკოვიჩს“. და ზუსტად ექვს საათში იანუკოვიჩმა გაქუსლა კიევიდან. ხალხი არის ბრძენი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.