მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს ომზე – არ ვიყავით მზად იმისთვის, რაც მოხდა, ჩვენი შიში ქრონიკული გახდა

15:47, 08.08.2019

ჩვენ არ ვიყავით მზად იმისთვის, რაც მოხდა, ჩვენი შიში ქრონიკული გახდა, ძალიან დაძაბულები ვიყავით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის (IWPR) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ინტერვიუში საუბრობს 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომზე, აკრიტიკებს ტალიავინის დასკვნას და წინააღმდეგობრივს უწოდებს დასკვნის იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ რუსი ჯარისკაცები უკვე კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდნენ, თუმცა კონფლიქტი საქართველომ დაიწყო.

სააკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის რთული იქნებოდა, რომ არ გაეწია წინააღმდეგობა, რადგან ადამიანები იღუპებოდნენ და იდევნებოდნენ.

„ჩვენ რომ არაფერი მოგვემოქმედებინა, ისინი შესაძლოა, იქვე დარჩენილიყვნენ, თუმცა ეს ნებისმიერ შემთხვევაში დაგვაზიანებდა, რადგან სრულმასშტაბიანი შეჭრა იყო. ჩვენთვის ეს ცუდი სცენარი იყო. ჩვენ დავუშვით სხვა შეცდომებიც. არ ვიყავით მზად – ჩვენი შიში ქრონიკული გახდა, არ ვიყავით იმისთვის მზად, რაც მოხდა. ძალიან დაძაბულები ვიყავით. გაზაფხულზეც ძალიან ახლოს ვიყავით ომთან, მაგრამ იყო ბევრი მედიაცია. 7 აგვისტოს ღამით ჩინეთში მივდიოდი და აეროპორტიდან ორჯერ დავბრუნდი. ოლიმპიადაზე ვაპირებდით წასვლას. დაძაბულობა ქრონიკული გახდა. იყო მასობრივი სროლები და ამიტომ დავრჩი. მერჩივნა, პეკინში წავსულიყავი“, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

ინტერვიუს ავტორმა მიხეილ სააკაშვილს კითხვა დაუსვა ცხინვალის დაბომბვასთან დაკავშირებით მის მიმართ არსებულ კრიტიკაზე, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყების დროს, სამხედრო პროტოკლის თანახმად, ჯარისკაცებმა ნორმები უნდა დაიცვან, თუმცა მათი გადასაწყვეტია, თუ რა სახის საცეცხლე ძალას გამოიყენებენ სამიზნის წინააღმდეგ და ამის პოლიტიკურად გაკონტროლება შეუძლებელია.

სააკაშვილის განცხადებით, გზები იყო ბლოკირებული, რაც უნდა გახსნილიყო, რუსეთის არმია კი ქართულ ჯარს რამდენიმე წერტილიდან დაესხა თავს ყველა საცეცხლე საშუალებით.

„მოსალოდნელი შედეგი იყო ცხინვალის და ველის სწრაფად გავლა, გზების ბლოკირება, რის შემდეგ მათ შემდგომ წინსვლას დავბლოკავდით. როკის გვირაბი უკვე ივსებოდა რუსეთის ტანკებით. ჩვენ უნდა გაგვევლო ცხინვალი, მაგრამ დავაგვიანეთ. რუსები უკვე ჯავაში იყვნენ და ელოდებოდნენ. ჩვენი შეცდომა ნელა მოქმედება იყო“ – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილს ავტორმა რონალდ ასმუსის ომზე დაწერილი წიგნი გაახსენა, სადაც საუბარია, რომ საქართველოს არ ჰქონდა თავდაცვის სტრატეგია.

სააკაშვილი პასუხად აცხადებს, რომ ამის მიზეზი სამხრეთ ოსეთის მიმართ რბილი ძალის მიდგომა იყო და საქართველოს ხელისუფლება ფიქრობდა, რომ რუსეთი ფართომასშტაბიან ოპერაციას არ დაიწყებდა.

სააკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა იმის ფიქრით, რომ პუტინი თბილისზე არასდროს წავიდოდა.

„ჩვენ ამაში გვარწმუნებდნენ ჩვენი დასავლელი მეგობრები. ყველა ამბობდა, რომ რუსეთი არ შემოიჭრებოდა. კონდოლიზა რაისი ყოველთვის ამბობდა ამას. ერთადერთი ადამიანი, რომელიც სხვა რამეს ამბობდა, იყო ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. მან ეს უხეშად დაგვიხატა. ეს იყო გერმანული დაზვერვის შეფასება და როდესაც ის ჩამოვიდა, ნერვიულობდა. ის ჩამოვიდა, რადგან ფიქრობდა, რომ რუსეთი შემოიჭრებოდა. მან გვითხრა, შემოიჭრებიან. რესტორანში ვისხედით მთავრობის წევრებთან ერთად. ერთ-ერთმა მათგანმა ჰკითხა მას, „ბატონო მინისტრო, დაგვეხმარებით კონფლიქტურ ზონებში მშვიდობისმყოფელების განთავსებაში?“, შტაინმაიერმა ჩანგალი დადო და თქვა, “ბიჭებო, რომელი მშვიდობისმყოფელებზე საუბრობთ, თქვენ მალე ფართომასშტაბიანი ომი გექნებათ“. ჩვენ მაინც არ ვფიქრობდით ასე, რადგან ბევრი სხვა გვეუბნებოდა, რომ ასე არ იქნებოდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი