მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ადამიანი, რომელმაც მას სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გაუგზავნა, დავით ფურცხვანიძეა
მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ადამიანი, რომელმაც მას სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გაუგზავნა, დავით ფურცხვანიძეა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ადამიანი, რომელმაც მას სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გაუგზავნა, დავით ფურცხვანიძეა.

ადვოკატის თქმით, ფურცხვანიძე მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

„პროკურატურას შეუძლია, ყველაფერი თქვას, ეს მისი ნებაა. ადამიანი, რომელმაც მე ეს ფოტოები გადმომიგზავნა, მზად არის, ყველა კითხვას გასცეს პასუხი. პროკურატურას ბევრი რამის გაყალბება უნდა. ამ ადამიანმა თვითონ გამომიგზავნა ფოტოები, თავად არის საქმის კურსში, ბევრ ინფორმაციას ფლობს. ის დაუკავშირდება გამოძიებას და განცხადებას გააკეთებს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რამიშვილი ასევე, უნდობლობას უცხადებს ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოკსიკაცია, მის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება.

„რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, თითქოს თამარ ბაჩალიაშვილმა ამდენი აბი დალია, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, აბების დალევის მეორე რეჟიმიც არსებობს, როდესაც ფილტრაცია ხდება. უცხოელ ექსპერტებსაც ვკითხე, როგორ შეიძლება ამ რაოდენობის აბები აღმოჩნდეს, ამავდროულად ბოთლში, წვეთებშიც ფიქსირდება აბები, რომელიც მიღებული ჰქონდა. იცით, ფილტრაცია  როგორ ხდება? როცა აბები იფშვნება, ბოთლში იხსნება და ნებისმიერი ჭურჭლიდან ხდება გადასხმა და ფილტრაცია. სუფთა სითხე გადადის მეორე ჭურჭელში, შეიძლება, გადასხმა მომხდარიყო ბოთლში. სრულად არ ვეთანხმები ექსპერტიზის დასკვნას, რადგან ასე იაროს ადამიანმა და ამდენი აბი ყლაპოს, მარტო გულის რევას გამოიწვევდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

რამიშვილის განცხადებით, ის უკან არაფერზე დიახევს და თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე სიმართლეს დაადგენს. მისივე თქმით, საგამოძიებო ორგანოებს ამ საქმის ჩაფარცხვის დავალება აქვთ მიღებული.

„იმას არკვევენ, რომ თურმე, ჩემ მიერ წარდგენილი ფოტოები ცრუ ყოფილა და იმას არ არკვევენ, რომ ავტომობილი იქ არ იდგა. არკვიონ, რა არის სიცრუე და მაშინ მე მოვახდენ რეაგირებას იმაზე, როგორ აყალბებენ მტკიცებულებებს. მაშინ თავიანთი თავი დაიჭირონ. დაიჭირონ ის ადამიანები, რომლებიც მკვლელებს მფარველობენ, ვინც თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაში თავიდან ბოლომდე არიან ჩართული. დავამტკიცებ, სად მიდის გზები, არაფერს დავთმობ და უკან არ დავიხევ. ბრძანება აქვთ მიღებული, მწვანე აქვთ ანთებული, რომ ეს საქმე ჩაფარცხონ. ამათთვის თვითმკვლელობის მეტი არ იყო არაფერი. ეგონათ, ამ ბავშვს პატრონი არ ეყოლებოდა. პატრონიც ეყოლება და ყველაფერს გავაკეთებ. სადაც უნდათ, იქ წავიდნენ, მკვლელებს არაფერი შერჩებათ. თამუნა ბაჩალიაშვილი არ არის მხოლოდ ბაჩალიაშვილების შვილი, ჩემი შვილიცაა და ვისაც ღირსება აქვს, ვისაც შვილი უყვარს, იმათი შვილიცაა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია.