მიხეილ რამიშვილი - ვიდეოჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არათუ თავის მოსაკლავად, არამედ ნამდვილად შეხვედრაზე მიდიოდა, რაღაც საეჭვო ნიუანსებიც შევამჩნიეთ
მიხეილ რამიშვილი - ვიდეოჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არათუ თავის მოსაკლავად, არამედ ნამდვილად შეხვედრაზე მიდიოდა, რაღაც საეჭვო ნიუანსებიც შევამჩნიეთ

ყველანაირი პირობებია შექმნილი, რომ ყველაფერმა მიიღოს ის შედეგი, რა შედეგიცაა სამართლიანობისთვის დამახასიათებელი სტანდარტები, დანარჩენს უკვე გვანახებს დრო და შედეგი, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული ჩანაწერებიდან დღეს მცირე, მაგრამ მაინც დიდი მოცულობის მასალა ნახეს.

„ნათლად ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ ნამდვილად სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა, რადგან სხვანაირად, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, ახლო ფორმატშიც დავინახეთ გადაადგილების მარშრუტი“, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

კითხვაზე, რა აძლევთ ამის თქმის საშუალებას, ადვოკატმა განაცხადა, რომ – ძალიან ბევრი რამ.

„ვთქვათ, ისევე, რაღაც შესაძლებლობებიც იყო, მანქანა როგორ გადაადგილდებოდა. მანქანას თავისი გადაადგილებითაც ეტყობოდა. ნუ, არის რაღაცა მინიშნებები. გარდა ამისა, გეტყვით, რომ საეჭვო რაღაცებიც შევამჩნიეთ. აქამდე ეს გამოძიებასაც არ ჰქონდა შემჩნეული, რაღაც ნიუანსები. ეს თბილისიდან მომდინარეობს, თბილისიდან იწყება და შესაბამისად მაგის თაობაზე გვქონდა გამომძიებლებთან საუბარი. ამას მოიკვლევს. მე იმიტომ ვამბობ, რომ ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი მიდიოდა ძალიან ზერელედ. თქვენ წარმოიდგინეთ, თითქმის ცხრა საათი მიდიოდა დეტალურად შესწავლა.

გარდა ამისა, ექსპერტების შუალედური დასკვნებიც ვნახეთ. დამატებით დაიკითხა ქალბატონი თეონა, რადგან დროთა განმავლობაში საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის ძალიან ბევრი ფაქტი ახსენდება ქალბატონ თეონას, ბატონ ჯუმბერს, რაც მიმაჩნია, რომ გამოძიებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან საინტერესო ფაქტებისა და ინფორმაციის შემცველია. შემიძლია გითხრათ, რომ გაასმაგებულად ინტერესდებოდა გამოძიება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის საფუძველი, რომ ჩვენ დაიმედებით ვიყოთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაჩქარებული ტემპით გადაწყდება ყველანაირი საგამოძიებო მოქმედება. ფაქტია, ეს ცხრა საათი მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო გრაფიკით მიმდინარეობდა და მაქსიმალურად ყველანაირი პირობებია შექმნილი, რომ ყველაფერმა მიიღოს ის შედეგი, რა შედეგიცაა სამართლიანობისთვის დამახასიათებელი სტანდარტები, დანარჩენს უკვე გვანახებს დრო და შედეგი“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კითხვაზე, რა ახალი დეტალების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია თეონა თამაზაშვილმა გამოძიებას, მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, რომ არ შეუძლია ამის თქმა, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს, ხელი შეუშალოს გამოძიებას და „ვიღაცის წისქვილზე წყალი დაასხას“.

კითხვაზე, სრულად მოხდა თუ არა ვიდეოების გაცნობა, მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, რომ ვიდეომასალა ძალიან დიდია და დაახლოებით 200 სხვადასხვა ადგილიდან ამოღებული კადრებისგან შედგება.

„სრულად წარმოუდგენელია, რადგან განსხვავებით ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის მიერ მოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერებისგან, რომელიც შეადგენდა სულ რამდენიმე ცალს, არის სამი ძალიან დიდი, დიდი შავი პარკი სავსე, ალბათ, ასე 200-ზე მეტი სათვალთვალო ვიდეომასალა. არის ძალიან დიდი ოდენობით. დეტალურად იქნება ყველაფერი შესწავლილი. აქ მარტო თამუნას ავტომობილის გადაადგილება არ იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ბევრმა ისეთმა რამემ იჩინა თავი, რომ დეტალურად ყველას და ყველაფრის შესწავლა მოხდება“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად კმაყოფილია გამოძიებით, რამიშვილმა აღნიშნა, რომ კმაყოფილია.

„იმედი, ნდობა იქნება იმის შემდეგ, როცა ყველა ჩვენს ინფორმაციაზე, ვერსიაზე, მოთხოვნაზე იქნება შესაბამისი რეაგირება და შესაბამისი შედეგი“, – დასძინა ადვოკატმა.

რაც შეეხება ექსპერტიზის შუალედურ დასკვნას, მისი თქმით, ზოგადად, შუალედურ დასკვნაზე არაფერი ითქმის, რადგან საბოლოო დასკვნაა გადამწყვეტი, თუმცა შუალედური დასკვნები უცხოელ სპეციალისტებს გადაეგზავნება.

„საერთოდ არასდროს არაფერი ითქმის შუალედურ დასკვნაზე, საშუალოზე ფასდება, გადამწყვეტია საბოლოო დასკვნა. რა თქმა უნდა, ეს შუალედური დასკვნები გადაეგზავნება შესაბამისად ისეთ სპეციალისტებს უცხოეთში, რომლებიც ამ შუალედურს შეაფასებენ და მომცემენ ინფორმაციას, რას უნდა ველოდო საბოლოო დასკვნისგნა, რამდენად სანდო იქნება საბოლოო დასკვნა და რამდენად იქნება წინაპირობა ეს შუალედური დასკვნა საბოლოო დასკვნის სანდოობის ხარისხთან დაკავშირებით. მედიკამენტებზე წერია, რომ არის მედიკამენტები, შესაბამისად რამდენად იქნა გამოყენებული, რა ფორმით იქნა გამოყენებული, ეს გამოჩნდება საბოლოო დასკვნაში. საბოლოო დასკვნაში გამოჩნდება ყველაფერი“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ოჯახის ადვოკატი პროკურატურაში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ საგამოძიებო უწყება გვიან ღამით დატოვეს. ოჯახის წევრები და ადვოკატი თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისთვის შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.