მიხეილ რამიშვილი - თვის ბოლოს მოწვეულნი იქნებიან უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნებს გაეცნობიან
მიხეილ რამიშვილი - თვის ბოლოს მოწვეულნი იქნებიან უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნებს გაეცნობიან

ექსპერტიზის შუალედური დასკვნა იქნება უახლოეს დღეებში, რაც შეეხება საბოლოო დასკვნას, თვის ბოლოს ჩამოვლენ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც გაეცნობიან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა პროკურატურაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩემ მიერ როდესაც წარდგენილი და გასაჯაროებული იყო 13-14 აგვისტოს, რომ შემთხვევის ადგილზე ნახირი გადაადგილდებოდა, მანდ უკვე ძალიან დიდი ეჭვი დაბადა თვითონ მთავარ პროკურორსა და მოადგილეებში. ამან შექმნა ისეთი პირობა, რომ სატელიტური სურათებიც გამოითხოვონ და დაადგინონ, 18, 19, 20, 21, 22 ივნისს საერთოდ იყო თუ არა ავტომობილი ადგილზე. მე კითხვა დავსვი, რამდენად სანდო იყო, რომ ხუთი დღე იქ იდგებოდა, რადგან ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ ჩემში ძალიან დიდ ეჭვს ბადებდა, არამედ დარწმუნებული ვიყავი, რომ ხუთი დღე იქ ავტომობილი ვერ იქნებოდა. ნუ, მათთვისაც ეს ძალიან დიდ კითხვის ნიშანს და ეჭვს აჩენდა. მე პირდაპირ მოვითხოვე, რომ ეს უკვე საფუძველი იყო, რომ სატელიტური სურათები იყოს გადმოცემული საზღვარგარეთიდან და შესაბამისად, მათი მხრიდანაც თანხმობა არის, რომ აუცილებლად იქნება მოპოვებული, რომ ეს მოპოვება და სხვა ქმედებები არ იქნება დროში გაჭიანურებული. ამავე დროს, მინდა გითხრათ ექსპერტიზებთან დაკავშირებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები რაც არის, თვის ბოლოს იქნებიან მოწვეულნი უცხოელი სპეციალისტები საზღვარგარეთიდან, რომლებიც ერთდროულად გაეცნობიან ამ დასკვნებს და იქნებიან ჩართულები, იქნებიან ის ადამიანები, ვინც არიან ძალიან მჭიდროდ ამ საქმეში ჩართულები. ამავდროულად, იქნება კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა, რომელსაც მე „ემპათიასთან“ ერთად ვატარებ. ამაზეც არის უკვე გადაწყვეტილება მიღებული, ანუ ის პოზიცია, რაც იყო დაკავშირებული და ჩვენი მიდგომა, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს ისე, როგორც უნდა იყოს, ასევე იქნება“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, ყველა მოქმედება ჩატარდება მოკლე, გონივრულ ვადებში.

„ამავდროულად, რაც შეეხება კომპიუტერსა და მობილურს, ასევე იქნება იმ პერიოდში ყველაფერი გაკეთებული, რაც პირადად ჩვენი მოთხოვნა იყო. შემიძლია, გითხრათ, რომ ყველაფერი იქნება იმ პერიოდში, რა პერიოდსაც მე პირადად ვერც დავუშვებ და არც დავუშვებ, რომ იყოს გაჭიანურებული. ეს იქნება ძალიან გონივრული, ძალიან მალე, ისეთ ვადებში, რომელიც გამოძიებისთვის კი არა, ოჯახისთვის იქნება ძალიან მალე. ნდობა იქნება მაშინ, როცა იქნება შედეგი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხუთშაბათს უკვე მე აქ მექნება ურთიერთობა იმ ჯგუფთან, რომელიც იქნება გამოძიებაში თავიდან ბოლომდე ჩართული და არა ისეთ პირობებში, როდესაც მარტო მოვდიოდი და ვეცნობოდი. აქ იქნება სამუშაო ჯგუფი ქალაქის პროკურატურაში და იქნება აბსოლუტურად ყველა ის პირობა, არა როგორც გაცნობის და საქმის მასალების, არამედ ყველა ის მოთხოვნა, რაც იქნება საქმისთვის საჭირო“, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო საქმის კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით.

„ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ სატელიტური სურათებიც იმოქმედებს ამ კვალიფიკაციაზე, იმოქმედებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც, ანუ პოზიცია არის შემდეგი – ვერაფერი და არაფერი შეუშლის ხელს ამ საქმეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში. შუალედური დასკვნა იქნება უახლოეს დღეებში. რაც შეეხება საბოლოო დასკვნას, თვის ბოლოს იქნებიან ჩამოსულები უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც უკვე გაეცნობიან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი პროკურატურაში შეხვედრაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ისინი გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს.