მიხეილ რამიშვილი - თუ გავითვალისწინებთ, რომ მეუფე იაკობის განცხადებებში საუბარია დანაშაულებრივ ქმედებებზე, გამოძიება უნდა დაიწყოს
მიხეილ რამიშვილი - თუ გავითვალისწინებთ, რომ მეუფე იაკობის განცხადებებში საუბარია დანაშაულებრივ ქმედებებზე, გამოძიება უნდა დაიწყოს

თუ გავითვალისწინებთ, რომ მეუფე იაკობის განცხადებებში საუბარია დანაშაულებრივ ქმედებებზე, გამოძიება უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ვერ იტყვის, რამდენად შეესაბამება მეუფე იაკობის განცხადება სიმართლეს, თუმცა მისი განცხადებით, არაფერია გამორიცხული.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ისეთი განცხადებაა, სადაც პირდაპირ დანაშაულებრივ ქმედებებსა და შემადგენლობაზეა ლაპარაკი, პირდაპირ უნდა დაიწყონ გამოძიება. მისი განცხადებით, ჰქონია მტკიცებულებები, რომლებიც საქმისთვის საჭირო იქნებოდა და ჩემთვის დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება, როდესაც ბრალდების მხარის მოწმე იყო და ყველანაირ ინფორმაციას ფლობდა, როგორ მიმდინარეობდა გამოძიება.

მოგეხსენებათ, ნდობა გამოუცხადეს საპატრიარქოში მყოფმა გარკვეულმა პირებმა გამოძიებას. დღეს აცხადებს, რომ თურმე ეს ყველაფერი იგეგმებოდა პრემიერ-მინისტრის კაბინეტში და ნათელია, რას ემსახურება ეს ყველაფერი. შეფუთეს, რომ ისინი ყოფილიყვნენ ვითომდა საქართველოს მხსნელები, გადამრჩენლები დიდი უბედურებისაგან და ჰქონდათ თავიანთი მიზნები. როგორც ჩანს, მოატყუეს, მოტყუებულად თვლის თავს და აცხადებს იმ პირებს, ვისთანაც თურმე დაუგეგმავთ პატრიარქის ჩამოშორება. ამასთან, მისი განცხადებით, ლიკვიდაციაზეც კი იყო ლაპარაკი და ეს უკვე დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს წმინდა სინოდი, რადგან „თუ ეს არ მოხდება, გამოვა, რომ მეუფე იაკობი მართალი ყოფილა“.

„შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი, ვინც მართლა მონაწილეობდა, ეს იყო სოსო ბოგაშვილი და გარკვეულ პირებს ჰქონდათ მითითებები მიცემული. წმინდა სინოდი ვალდებულია, წელიწადში ორჯერ შეიკრიბოს. პირველად უნდა შეკრებილიყვნენ გაზაფხულზე, ახლა მაინც უნდა შეიკრიბონ. ეს არის დიდი საშიშროება ეკლესიისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რამხელა ძალას ფლობს მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი და მისი გარკვეული ჯგუფი. ნება იბოძონ და მიხედონ იმ გარემოს, რა გარემოშიც უწევთ ყოფნა. ჩვენ წინაშე არიან ვალდებული, ყველაფერი გააკეთონ, რომ რწმენა არ დაეკარგოს ერს.

მამა გიორგისთან დაკავშირებით ვიმედოვნებ, გამოჩნდებიან ჯანმრთელად მოაზროვნე და პრინციპული მღვდელმთავრები და პატრიარქს მისცემენ რჩევას, უშუამდგომლოს მამა გიორგის პრეზიდენტთან. არც ერთმა პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა, ვინაიდან პირდაპირ საპატრიარქოდან იყო მითითება, რომ არანაირი გზით არ მომხდარიყო შეწყალება. ახლა უკვე იაკობმა ისეთი განცხადება გააკეთა, კეთილი ინებონ მღვდელმთავრებმა, უშუამდგომლონ დეკანოზს პატრიარქთან. არანაირი გზა არ მექნება მასთან შეხვედრის და აზრს ვერ ვხედავ მასთან წერილის გაგზავნის. როცა მას შევხვდი, 2017 წელს მისი სიტყვები იყო, მამა გიორგი ამას არათუ ჩაიდენდა, არც გაიფიქრებდაო. თავდებში უდგებოდა. აუცილებლად უნდა დაინტერესდეს წმინდა სინოდი, რას ემსახურებოდა იაკობის ეს განცხადება“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.