მიხეილ რამიშვილი - თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნი ჩანაწერები თვითმკვლელობაზე არ მიუთითებს
მიხეილ რამიშვილი - თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნი ჩანაწერები თვითმკვლელობაზე არ მიუთითებს

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა დღეს, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

საუბარია ოჯახის მოთხოვნით დაქირავებული ექსპერტის წინასწარ დასკვნაზე, რომელიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში პროცესს დაესწრო.

რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრების ვერსიას, ადვოკატის თქმით, ისინი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან.

რამიშვილი ასევე ამბობს, რომ გარდაცვლილის მანქანაში ნაპოვნია საკანცელარიო, მცირე ზომის ფერადი ქაღალდები, რომლებზე არსებული წარწერებიც, ადვოკატის შეფასებით, თვითმკვლელობაზე არ მიუთითებს.

„ეს წერილები არ არის. ეს არის ფერადი, პატარა ფურცლები. რამდენიმე ფურცელია ნანახი, სადაც წერია, ჩემი ანაბრიდან გამოიყენეთ თანხებიო. არ ჩანს, რომ სიკვდილის წინ ვინმეს დაუწერა რამე. მაშინ უნდა ჰქონდეს მითითებული, ვის უტოვებს, რამდენს უტოვებს. არანაირი ანაბრის ნომერი მითითებული არ არის. დედამისი გათიშულია საერთოდ. წარმოუდგენლად მიაჩნიათ თვითმკვლელობის სიტუაცია“, – განაცხადა ადვოკატმა.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის წინ გაუჩინარდა, 22 ივლისს კი, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.