მიხეილ რამიშვილი პროკურატურას თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში „ეფბიაის“ ექსპერტების ჩართვის შუამდგომლობით მიმართავს
მიხეილ რამიშვილი პროკურატურას თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში „ეფბიაის“ ექსპერტების ჩართვის შუამდგომლობით მიმართავს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურაში ხვალ დააყენებს შუამდგომლობას, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში FBI-ის ექსპერტები ჩაერთონ.

ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განუცხადა.

„შუამდგომლობა დაკავშირებული იქნება, რომ ექსპერტიზაში, რომელიც მიმდინარეობს, ჩართულები იყვნენ FBI-ის ექსპერტები. ჩვენი მოთხოვნაა, სამართლიანობა იყოს მიღწეული, ამისთვის საჭიროა, ყველაფერი იყოს კონტროლის ქვეშ და არავის მხრიდან არ მოხდეს თავისი ძალაუფლების გამოყენება და საქმის ჩაფარცხვა. არ დარჩეს კითხვის ნიშნები. ამიტომ, სამართლიანობის თვალსაზრისით ოჯახისა და ჩვენი პოზიცია არის ეს.

თავიდანვე ვამბობდი, რომ არ შეიძლება მხოლოდ ვერსიების არსებობა, ვერსიებთან ერთად უნდა მუშაობდეს გამოძიებაც, რომ მტკიცებულების მოპოვება მიმდინარეობდეს და ეს მტკიცებულებები იმ ვერსიებს უნდა ემსახურებოდეს და ამყარებდეს თვალსაზრისებს, რათა შემდეგ ეს ვერსიები კვალიფიკაციის თვალსაზრისით არსებობდეს”,- განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიება მკვლელობის ვერსიაზე და ამ კუთხით მტკიცებულებების მოპოვებაზე მუშაობს. როგორც ადვოკატი აცხადებს, ამ პროცესში, შესაძლოა, გამოძიება გარკვეულ პიროვნებებამდე მივიდეს, რაც გარემოებებს შეცვლის.

რაც შეეხება მწყემსს, რომელმაც სამართალდამცველებს ბაჩალიაშვილის მანქანის პოვნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რამიშვილის თქმით, სატელეფონო ჩანაწერებს, რომელიც მწყემსისა და პოლიციის თანამშრომლის საუბარს ასახავს, ხვალ გაეცნობა.

„ჩვენ გვქონდა პოზიცია, რატომ შეიძლება არ ყოფილიყო ეს მკვლელობის სიტუაცია. გამოძიება ახლა ამ ვერსიაზე მუშაობს და არა მხოლოდ ვერსიაზე, არამედ დღეს მიდის მუშაობა მტკიცებულებების მოპოვებაზე. დიდი მასალაა სატელეფონო კავშირების, ხვალ უკვე დეტალურად გავეცნობი. ჩემი ერთ-ერთი შუამდგომლობა იყო, რომ ჩემთვის დეტალურად იყოს ცნობილი მწყემსსა და ჯიმშერ აფციაურს შორის ზუსტად როდის ხდებოდა კომუნიკაცია, რათა გავარკვიოთ, ჩვენებებში რამდენად ამბობენ სიმართლეს”, – განაცხადა ადვოკატმა.

პროკურატურაში ასევე იმყოფებოდა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ეკა ქობესაშვილი, მისი განმარტებით ძნელი წარმოსადგენია აქამდე როგორ საუბრობენ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები სიკვდილის გამომწვევ რაიმე მიზეზზე, როცა ჯერ კიდევ არ არის მოსული სამედიცინო ექსპერტიზა.

„დღეს შევხვდით საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებს. გვქონდა ბევრი დასაზუსტებელი საკითხი, რისი დაზუსტებაც მოხდა. გავეცანი საქმის მასალებს, ექპერტიზის დასკვნებს. ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია აქამდე როგორ საუბრობენ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები სიკვდილის გამომწვევ რაიმე მიზეზზე, როცა თურმე ჯერ კიდევ არ არის მოსული სამედიცინო ექსპერტიზა. არ არის განსაზღვრული, რამ გამოიწვია თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის დადგომ, ან არის თუ არა მის სხეულზე რაიმე სახის დაზიანება. ასევე ჩვენ ველოდებით ამერიკიდან ფბ-სა და კომპიუტერზე წაშლილი ინფორმაციის აღდგენას. მოგეხსენებათ, ბაჩალიაშვილს კომპიუტერიდან წაშლილია გარკვეული სახის ინფორმაცია და ზუსტად ამ ინფორმაციის აღდგენას ვითხოვთ, ასევე – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის. ამ ინფორმაციის მიღების შემდგომ შეიძლება, სულ სხვა სურათი შეიქმნას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის ფაქტის დადგენა. დღეს გამოძიებამ დაგვიდასტურა, რომ ის არ მუშაობს მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე და მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე და ელოდებიან ჩვენგან გარკვეული შუამდგომლობების დაყენებას, რაც აუცილებლად მოხდება ხვალ“, – განაცხადა იურისტმა.