მიხეილ რამიშვილი - დეკანოზის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებისთვის ირაკლი მამალაძეს პასუხის გაცემა სასამართლოში მოუწევს
მიხეილ რამიშვილი - დეკანოზის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებისთვის ირაკლი მამალაძეს პასუხის გაცემა სასამართლოში მოუწევს

ეს არის ცილისწამება და ირაკლი მამალაძეს მოუწევს პასუხის გაცემა სასამართლოს წინაშე პატივისა და ღირსების შელახვისთვის, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა პირველ არხს, ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის დღეს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განუცხადა, სადაც მან დეკანოზის დონეცკის ოლქში მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენა და მძიმე სექსუალური ხასიათის დანაშაულში დაადანაშაულა.

ადვოკატის განცხადებით, დეკანოზი დონეცკის ოლქში ნამდვილად მსახურობდა და იმ მსახურობის დაფასებასაც, რამიშვილის თქმით, საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს.

როგორც რამიშვილი ამბობს, ირაკლი მამალაძე თავისი მოქმედებით წმინდა სინოდის წევრებს და საპატრიარქოს მიზანმიმართულად ძალიან ცუდ დღეში აყენებს

„ეს არის მტკნარი სიცრუე და მორიგი ცილისწამება, რომ ის სიბინძურე, რაც აქამდე არსებობდა და რასაც ირაკლი მამალაძე ახორციელებდა თავის ჯგუფთან ერთად, ახლა უნდათ, რომ რაღაცით გადაფარონ.

მე პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ცილისწამება და ირაკლი მამალაძეს მოუწევს პასუხის გაცემა სასამართლოს წინაშე პატივისა და ღირსების შელახვისთვის. ეს არის ცილისმწამებლური და ამის უამრავი მტკიცებულებაა, რომელიც ჩემს ხელთაა და მას ძალიან მალე მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა.

წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო, ბნელეთით არ არის ეს საზოგადოება მოცული და ყველამ ძალიან კარგად იცის, რასთან გვაქვს საქმე. ირაკლი მამალაძე თავისი მოქმედებით წმინდა სინოდის წევრებს და საპატრიარქოს მიზანმიმართულად ძალიან ცუდ დღეში აყენებს. მოვუწოდებ წმინდა სინოდის წევრებს, ის კი არ გამოიკვლიონ გიორგი მამალაძე სად რას აკეთებდა, გამოიკვლიონ ვინ რას უკეთებს დღეს საპატრიარქოს და წმინდა სინოდის წევრებს. აი ის ჯგუფი მოიკვლიონ და იმათ მოთხოვონ პასუხი. დონეცკის ოლქში ნამდვილად მსახურებდა და იმ მსახურობის დაფასებასაც ძალინ მალე გაიგებს საზოგადოება. სექსუალურ ძალადობაზე და ვინ რას ძალადობდა სხვები გაიგებენ სხვების მისამართით. ასე რომ გიორგი მამალაძეს ცილს ნუ დასწამებს“,-განაცხადა რამიშვილმა.

ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დონეცკის ოლქში მძიმე ხასიათის სექსუალურ დანაშაულში იყო შემჩნეული. მისივე თქმით, დეკანოზი ავიწროებდა არასწრულწლოვანს, რომლის მამამაც მას მანქანა დაუწვა.

დატოვე კომენტარი