მიხეილ რამიშვილი - დეკანოზი გიორგი მამალაძე მადლობს ღმერთს, რომელმაც სინოდს გადაწყვეტილება მიაღებინა და იმედოვნებს, პრეზიდენტი გაათავისუფლებს
მიხეილ რამიშვილი - დეკანოზი გიორგი მამალაძე მადლობს ღმერთს, რომელმაც სინოდს გადაწყვეტილება მიაღებინა და იმედოვნებს, პრეზიდენტი გაათავისუფლებს

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა პატიმარი საპყრობილეში მოინახულა. საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს დეკანოზის წერილი გააცნო.

„ის მადლობს სული წმინდა ღმერთს, რომელმაც მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს მიაღებინა შეწყალების შუამდგომლობის გადაწყვეტილება და იმედოვნებს, საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება ყველაფერს იღონებს შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ექნება საშუალება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მისთვის სინოდზე და სინოდის შემდეგ განვითარებული მოვლენები, დაკავშირებული მიტროპოლიტ პეტრესთან, არის უაღრესად მძიმე. ის იმედოვნებს, რომ ნათელი ქრისტე განგვანათლებს ყოველთა. ეს არის მისი პოზიცია“, – განაცხადა ადვოკატმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა საკითხებზე აპირებს დეკანოზი პოზიციის დაფიქსირებას.

„ამასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ასე დეტალურად არ იყო საუბარი, რა საკითხებზე ექნებოდა განხილვა, მაგრამ ეს გამოჩნდება, როდესაც საპატიმროდან გათავისუფლდება და მას საშუალება ექნება, რომ გარკვეულ საკითხებზე პოზიცია დააფიქსიროს.

მეუფე პეტრესთან დაკავშირებით მისი პოზიცია მე უკვე წავიკითხე, რომ მისთვის არის უაღრესად მძიმე და იმედოვნებს, რომ ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

​ამასთან, ადვოკატის თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

„შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ, რომ დაუყონებლივ უნდა მოხდეს მისი მკურნალობის გაგრძელება. მოგეხსენებათ, აქ არ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი პირობები. მარჯვენა ხელ-ფეხი ისევ წართმეული აქვს ვერ ამოძრავებს და სჭირდება მკურნალობა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.