მიხეილ რამიშვილი - ცდილობენ, დავით ფურცხვანიძეს ათქმევინონ, თითქოს ყალბი სურათები მე შევუკვეთე
მიხეილ რამიშვილი - ცდილობენ, დავით ფურცხვანიძეს ათქმევინონ, თითქოს ყალბი სურათები მე შევუკვეთე

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ხვალ, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხება.

საქმე ეხება გავრცელებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებს, რომელთა დაკავშირებითაც პროკურატურაში გამოძიება გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე მიმდინარეობს.

როგორც რამიშვილი აცხადებს, პროკურატურა მისი საქმიდან ჩამოშორებას ცდილობს.

„ცდილობენ, რაღაცნაირად დააკავშირონ, თითქოს მე საქმის კურსში ვიყავი. თითქოს ეს ყველაფერი ჩემ მიერ იყო დაგეგმილი და ფოტომასალა ჩემს მიერ იქნა გაყალბებული. თითქოს მე ახლა ვამტკიცებ იმას, რაც ჩემთვის უკვე ისედაც ცნობილია, რომ იქ ავტომობილი არ მდგარა. ავტომობილი ზუსტად იმ დღეს მიიყვანეს, როდესაც აქცია გაიმართა. აქციაზე იკრიბებოდნენ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც აპირებდნენ ჯგუფ-ჯგუფად გასულიყვნენ და მოეძებნათ ავტომობილი.

გამოძიებას უჭირს და ცდილობენ, დავით ფურცხვანიძეს ათქმევინონ, თითქოსდა ეს ჩემი შეკვეთაა. მე ბატონმა დავითმა მომიტანა მასალა და მითხრა, ამაზე პასუხისმგებელი მე ვარო. ხომ არ დამესიზმრებოდა, დავითი საიდან მოიტანდა მას. მან მითხრა, რომ ეს არის ნამდვილი. ვკითხე, ხარ თუ არა პასუხისმგებელი? მიპასუხა- დიახ, ვარო. ეს ფოტოები რომც არ ყოფილიყო, თავიდანვე ვამბობდი, რომ ავტომობილი ოთხი დღე მანდ ვერ იქნებოდა.

ახლა მთელი ორიენტირება ხდება იმაზე, დავით ფურცხვანიძეს ათქმევინონ, თითქოსდა ეს ყალბი სურათები მას მე დავავალე და შევუკვეთე, რადგან ეს სურათები რომ არ იყოს, იმდენად გაჭირვებულ მდგომარეობაშია გამოძიება, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, რასაც მე ვამტკიცებ, და რასაც არ აკეთებენ. გამოძიების მხრიდან ყველაფერი არის სიყალბე და მაგით უნდათ, რომ საქმეს ჩამომაშორონ“, – განაცხადა ადვოკატმა.

რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ დავით ფურცხვანიძეზე ზეწოლა განხორციელდეს.

„თუ ზეწოლას მოახდენენ, შეიძლება ათქმევინონ, არაფერს გამოვრიცხავ“, – განაცხადა რამიშვილმა.

დატოვე კომენტარი