მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გამოჩნდნენ სხვა მწყემსები, რომლებიც ცრუ ჩვენებებს იძლევიან
მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გამოჩნდნენ სხვა მწყემსები, რომლებიც ცრუ ჩვენებებს იძლევიან

თამარ ბაჩლიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში მწყემსების რაოდენობა გაიზარდა. როგორც ადვოკატმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, თუ აქამდე საქმეში იყო ორი მწყემსი, მამა-შვილი, ახლა მათი რაოდენობა გაზრდილია და ადვოკატის თქმით, ყველა მათგანი ცრუობს.

როგორც რამიშვილი აცხადებს, ყველა მწყემსი ერთნაირ ჩვენებას აძლევს და აცხადებენ, რომ ტერიტორია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, ნახირის საძოვრად არ გამოიყენება.

ამასთან, ადვოკატის თქმით, მან ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან თვენახევრის შემდეგ გადაიღო ვიდეომასალა, სადაც მისივე განცხადებით ჩანს, რომ იმავე ადგილიდან დიდი რაოდენობით ნახირი გამოდის.

„ძალიან დიდი მასალაა, სადაც ბევრ ისეთ რაღაცას წავაწყდით, რომელიც შემიძლია გითხრათ, რომ უფრო მეტად ამძაფრებს კითხვის ნიშნებს. უფრო მეტი რაოდენობა იჩენს თავს მწყემსების, მრავლდებიან. თუ აქამდე იყო მამა-შვილი, ახლა დაემატნენ კიდევ სხვა მწყემსები, რათა ერთხმად დაადასტურონ, რომ ეს ადგილი, როგორც საძოვარი არ გამოიყენება. იქაური ბალახი და იქაური საძოვარი მიუღებელი ყოფილა თურმე ნახირისთვის. ასეთი აბსურდი არ მინახავს. უკვე პირდაპირ მაქვს აზრი ჩამოყალიბებული, რომ აქ არათუ საქმე გააკეთეს, არამედ საქმეს იფუჭებენ. ესე გადმოკოპირება ჩვენების ყველანაირ საზღვარს გადის. ყველა ერთი ტექსტით და ერთი შინაარსით გადმოცემს, რომ აღნიშნული ტერიტორია თურმე არანაირად არ გამოყენება ნახირისთვის საძოვრად. ამ დროს, თვენახევრის შემდეგ, როდესაც მე ვიდეოკადრები გადავიღე, ზუსტად იმ საძოვრიდან დიდი რაოდენობის ნახირი გამოვიდა. ანუ, ყველაფერი საწინააღმდეგო მე დავადასტურე. ტყუილი არასდროს დაიმალება. ამით უკვე დასტურდება, რომ არა ორი მწყემსი, არამედ ყველა მწყემსი ტყუის და ამას უკვე სათავეში გარკვეული იქაური ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები უდგანან“,- განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის ძმასთან, გიორგი ბაჩალიაშვილთან ერთად თბილისის პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად ექვსი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ამასთან, როგორც რამიშვილმა განაცხადა, კვირას, 30 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი მთავარ პორკურატურასთან მშვიდობიან აქციას გამართავს.