მიხეილ ქარელი - პირადად ვარ შესწრებული, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილმა პარიზში ამ ხელმოწერის ნიმუში მოიტანა და იქ მყოფ ადამიანებს ავარჯიშებდა
მიხეილ ქარელი - პირადად ვარ შესწრებული, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილმა პარიზში ამ ხელმოწერის ნიმუში მოიტანა და იქ მყოფ ადამიანებს ავარჯიშებდა

ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ ქარელის განცხადებით, ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა.

როგორც ქარელმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში აღნიშნა, დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო, ხალვაშის გაყალბებული ხელმოწერაა დარტყმული.

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის გაყალბებული ხელმოწერები. პირადად ვარ შესწრებული, როდესაც მან პარიზში ამ ხელმოწერის ნიმუში მოიტანა და იქ მყოფ ადამიანებს სთხოვა, გაეყალბებინათ მსგავს ხელმოწერაზე, გარკვეული ხნის განმავლობაში ის ავარჯიშებდა ამ ადამიანებს. მზად ვარ, როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს წინაშე ვთქვა ამ ადამიანების სახელები და გვარები.ერთ-ერთი ცნობილი ამ საქმეში არის იოსებ გიგუაშვილი – ირაკლი ოქრუაშვილის ბიძაშვილი. ეს მათი ხელწერაა. ასეთი საქმე მათ ჰქონდათ გორშიც, როდესაც ცდილობდნენ გაყალბებული ხელშეკრულების შექმნით სხვისი ქონების მითვისებას. საქმე ეხება ერთ-ერთ ოფისს გორში. ეს საქმე იყო პროკურატურაში და საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ ეს იყო გაყალბებული ხელშეკრულება.

ეს არის იშვიათი არსება, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ ადამიანი გაწიროს, ნებისმიერ ადამიანს ჩაარტყას ზურგში დანა, ნებისმიერ ადამიანს მოუგონოს ისტორიები და გაუვრცელოს, იჭორავოს. ეს იმდენად უზნეო, ბინძური და ამორალური ადამიანია, რომ ყველაფერზე წამსვლელია.

არც გამკვირვებია, რომ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ ის შანტაჟის ამ ფორმით წავიდა. მას არანაირი უფლება არ აქვს რომ „რუსთავი 2“-ის მიმართ პრეტენზია განაცხადოს, მით უფრო საკუთრების უფლებაზე. მას არანაირი წვლილი არ შეუტანია ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავი 2“-ის შეძენაში“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.