მიხეილ ხიდურელი - ფოთის ინდუსტრიულ ზონაში ავტონაწილების წარმოება დაიწყება
მიხეილ ხიდურელი - ფოთის ინდუსტრიულ ზონაში ავტონაწილების წარმოება დაიწყება

ფოთის ინდუსტრიულ ზონაში შემოვიდა უცხოური კომპანია, რომელიც პირველად საქართველოში ავტონაწილების წარმოებას დაიწყებს, – ამის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხელ ხიდურელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში სააგენტოს საინვესტიციო სტრატეგია განიხილეს, რომელიც საქართველოში არატრადიციულ სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს.

გადაცემის მსვლელობისას მიხეილ ხიდურელმა აღნიშნა, რომ სააგენტოს მიერ დასახული საინვესტიციო გეგმის შესრულების მიზნით, მრავალ კომპანიასთან იგეგმება მოლაპარაკებები. ერთ-ერთი კომაპნია უკვე ფოთში ელექტრონაწილების და ავტონაწილების წარმოების დაწყებას აპირებს.

„გვაქვს ძალიან აქტიური მოლაპარაკებები განსაკუთრებით ელექტრონაწილების და ავტონაწილების წარმოებაზე. ერთი ძალიან საინტერესო მაგალითი არის ის, რომ ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია შემოვიდა, რომელიც პირველად საქართველოში ავტონაწილების წარმოებას დაიწყებს. მივყვებით სტრატეგიას. თავიდან შვიდი ათასი კომპანია გავფილტრეთ და მცირე სიაზე ჩამოვდივართ. შემდეგ ამ კომპანიებთან ინდივიდუალური შეხვედრები იგეგმება, ჩავდივართ, დაახლოებით 18 ე.წ. როუდ შოუს გავმართავთ, სადაც მომზადებულები ჩავალთ და შეთავაზებებს წარვუდგენთ. ზოგადად, ინვესტიციას ასეთი თვისება ახასიათებს, რომ რაზეც დღეს მუშაობ, ის შედეგს სულ მცირე ორი წლის მერე გამოიღებს“, – განაცხადა ხიდურლმა.

მისი განმარტებით სააგენტო მნიშვნელოვან აქცენტს ე.წ. აუთსორსინგის მიმართულების განვითარებაზე აკეთებს, რადგან მსოფლიოში მომსახურების ინდუსტრიის განვითარების ტენდენცია გააქტიურდა. აუთსორსინგი კომპანიის მიერ სხვა კომპანიის დაქირავებას ნიშნავს გარკვეული სერვისების მიღების მიზნით. თანამედროვე მსოფლიოში გავრცელებულია სხვა ქვეყნებში მოქმედი კომპანიების დაქირავება და სააგენტოს საინვესტიციო გეგმაც სწორედ საქართველოდან უცხოური კომპანიებისთვის მომსახურების გაწევაზე კეთდება.

„ჩვენ პორტფელში გვაქვს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო კომპანია, რომელიც ჩვენი ხელშეწყობით შემოვიდა საქართველოში და 2 000-მდე ადამიანს ასაქმებს თბილისში. ეს კომპანია სხვადასხვა ქვეყანაში კაზინოებს აწვდის აუთსორსინგის სერვისს. არის ბევრი სხვა მაგალითები. მე თვითონ ვმუშაობდი ადრე ერთ-ერთ ასეთ კომპანიაში, სადაც ამერიკაში ვახდენდით აუთსორსინგის სერვისს. არის დიზაინის, არქიტექტურის, ადამიანური რესურსებით მართვის აუთსორსინგი და ა.შ. ამიტომ მგონია, რომ ზოგადად მსოფლიო გადადის სერვისის ინდუსტრიაზე. დასავლეთ ევროპიდან ეს ტენდენცია წამოვიდა აღმოსავლეთ ევროპისკენ. აღმოსავლეთ ევროპაში მუშახელი ჭირს, გაძვირდა და მგონია, რომ ეს პერიოდი რაც შეიძლება კარგად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ხიდურელმა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის თქმით, სააგენტო ამერიკულ ცნობილ საინფორმაციო სააგენტოსთან „ბლუმბერგთანაც“ თანამშრომლობს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის მაისში რეგიონისთვის უპრეცედენტო პროექტი დაიწყება. თუმცა ხიდურელმა პროექტის დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.

„ჩვენ „ბლუმბერგთან“ გვქონდა ძალიან წარმატებული კამპანია, რომელიც ახლა „ბლუმბერგის“ საერთაშორისო კამპანიების ნომინაციაში მოხვდა და შეიძლება გაიმარჯვოს კიდეც. ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ. კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ერთ სიურპრიზს გპირდებით, რომ წელს მაისში „ბლუმბერგთან“ თანამშრომლობის ძალიან საინტერესო ფორმატი გვექნება . ის რაც მოხდება, იქნება პირველად ჩვენს რეგიონში. ამ სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით და ყველასთან მუშაობით, დარწმუნებული ვარ, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ახალ სექტორებში გაიზრდება“, – განუცხადა მიხეილ ხიდურელმა „ბიზნესპარტნიორს“.