მიხეილ ხიდურელი - ჩვენმა კომპანიებმა 3,7 მლნ ლარის საექსპორტო ხელშეკრულება გააფორმეს
მიხეილ ხიდურელი - ჩვენმა კომპანიებმა 3,7 მლნ ლარის საექსპორტო ხელშეკრულება გააფორმეს

საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენის „ანუგა 2021“ დასრულებიდან ერთ თვეში, ქართულ კომპანიებთან 3,7 მილიონი ლარის საექსპორტო ხელშეკრულებები გაფორმდა.

„სააგენტო აგრძელებს აქტიურ მუშაობას ექსპორტის მიმართულებით. ამის ერთ-ერთი დასტურია საერთაშორისო გამოფენა „ანუგა 2021“, რომელშიც ჩვენი ხელშეწყობით 16 ქართული კომპანია მონაწილეობდა და გამოფენის დასრულებიდან 1 თვეში მათ უკვე 3.7 მილიონი ლარის საექსპორტო ხელშეკრულება გააფორმეს“, – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

მისი თქმით, უცხოელი მსხვილი შემსყიდველებისგან დიდი დაინტერესება გამოიწვია ქართულმა ღვინომ, თაფლმა, თხილეულმა და ძირტკბილამ.

სასმელისა და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა „ანუგა“ წარმოადგენს აღნიშნულ სექტორში ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ტრადიციულად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ კიოლნში გაიმართა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველომ მეოთხედ მიიღო მონაწილეობა. მონაწილეობის მიზანი იყო ბიზნესკავშირების დამყარება უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან და დამკვეთებთან, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

გამოფენის განმავლობაში ქართულმა კომპანიებმა 300-მდე შეხვედრა გამართეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის: გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, დანია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიბანი, საუდის არაბეთი, თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი, ქუვეითი, აშშ, კანადა.

„გარდა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისა, წელს მეწარმეებს შევთავაზეთ სრულიად ახალი კომპონენტი – ბიზნესექსპორტი, რომელიც ექსპორტის ზრდისა და იმპორტის ჩანაცვლების ხელშეწყობას გულისხმობს. პროგრამა მეწარმეებს სესხის პროცენტის სუბსიდირებისა და უზრუნველყოფის გარდა, გრანტის კომპონენტსაც სთავაზობს“, – აღნიშნა ხიდურელმა.