მიხეილ კალატოზიშვილი - თეთრაძის მიმართ აგრესიული კომენტარები მაიძულებს, ფაქტები სააშკარაოზე გამოვიტანო #1TVSPORT
მიხეილ კალატოზიშვილი - თეთრაძის მიმართ აგრესიული კომენტარები მაიძულებს, ფაქტები სააშკარაოზე გამოვიტანო #1TVSPORT

ვეტერანმა ფეხბურთელმა, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, მიხეილ კალატოზიშვილმა კომენტარი გააკეთა იმის თაობაზე, რომ „საბურთალოში“ ომარ თეთრაძის დანიშვნის გამო გულშემატკივართა ნაწილში აგრესია გაჩნდა.

„არ მიყვარს პოსტების და კომენტარების წერა, მაგრამ იძულებული გავხდი, დამეწერა იმათ საყურადღებოდ, ვინც არ იცნობს ომარ თეთრაძეს – კლავიატურის ლომები მას პატრიოტობას უწუნებენ და ისეთ ბინძურ რაღაცებს აბრალებენ, მე ვერ გავჩუმდებოდი. ომარ თეთრაძე ჩემი ბავშვობის ძმაკაცია, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი და „ავაზას“ სკოლის აღზრდილი. შემდეგ 35-ე აფეხბურთო სკოლაში ზურაბ მაისურაძესთან ვარჯიშობდა. საქართველოს ნაკრების (იუნორებში) უცვლელი წევრი იყო ნიკა ამირეჯიბის დროს. 1987 წლიდან თბილისის „დინამოში“ მიიწვიეს და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ითამაშა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე „დინამოდან“ ტრამვის გამო გაუშვეს და უთხრეს, რომ ვერ მოირჩენდა, „ინვალიდი“ ხარო. თავისი სახსრებით გაიკეთა ოპერაცია და ოზურგეთის „მერცხალს“ შეუერთდა, სადაც მწვრთნელად ნიკა ამირეჯიბი მუშაობდა. ერთი წლის შემდეგ შესთავაზეს მოსკოვის „დინამოში“ გადასვლა.

დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, კარიერა ამ გუნდში გაეგრძელებინა. ოზურგეთში ერთად ვთამაშობდით, 90-იანი წლების მძიმე პირობებში გვიწევდა ცხოვრება და თამაში. ამიტომ ჩემთვის სრულებით გასაგები იყო მისი გადაწყვეტილება, რომ წასულიყო მოსკოვის „დინამოში“, სადაც კახა ცხადაძესთან ერთად თამაშობდა. ომარი საქართველოს ნაკრებიდან ყოველ წუთს ელოდა მოწვევას. მოსკოვში ცხადაძესთან ერთად საუკეთესო იყო. გულშემატკივრები აღფრთოვანებულები იყვნენ ქართველების თამაშით. ერთ დღესაც ჩავიდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და საქართველოს ნაკრებზე კახას დაელაპარაკნენ, ომარს კი არც შეხვდნენ, რაზეც ძალიან დასწყდა გული. ის მაინც მოლიდინში იყო, მაგრამ არაფერი შეიცვალა და რამოდენიმე თვის შემდეგ რუსეთის ნაკრებში თამაში რომ შესთავაზეს, დიდ ფეხბურთში დასარჩენად იძულებული იყო, ეს გადაწყვეტილება მიეღო. არადა, მანამდე ამაზე თავს იკავებდა. ამას არც ვიტყოდი, ეს ამბავი ზუსტად რომ არ ვიცოდე.

საქართველოდან არანაირი შემოთავაზება არ ჩანდა, თითქოს არც არსებობდა ფეხბურთელი, რომელიც ყველამ იცოდა, რომ დიდი ნიჭის პატრონი იყო. 1992 წლის ევროპის ჩემპიონატი ახლოვდებოდა და გადაწყვიტა, რუსეთის ნაკრებში ეთამაშა, რადგან ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. მოსკოვის „დინამოს“ შემდეგ ითამაშა ვლადიკავკაზის „ალანიაში“, სადაც ბევრი ჩვენი ცნობილი ფეხბურთელი იყო – ყაველაშვილი, გრიშიკაშვილი, ჯამარაული, შელია, რევიშვილი, დემეტრაძე და კიდევ ბევრი. ვლადიკავკაზიდან 1997 წელს „რომაში“ გადავიდა, სადაც თამაშობდნენ ტოტი, დელვეკიო, კაფუ, ალდაირი, მწვრთნელი კი ზემანი გახლდათ. ომარი იყო პირველი ქართველი, რომელმაც ასეთ დიდ კლუბში ითამაშა. სამწუხაროდ, ორ წელიწადში იტალია მძიმე ტრამვის გამო დატოვა. მკურნალობის შემდეგ ითამაშა საბერძნეთის „პაოკში“, მახაჩყალის „ანჟიში“, „კრილია სოვეტოვში“ (მოთამაშე-მწვრთნელად). სამწვრთნელო კარიერა დაიწყო „ანჟიში“, სადაც ხუთი ქართველი ჰყავდა, ნიჟნი ნოვგოროდში – შვიდი ჩვენიანი.

საერთოდ, სადაც მთავარ მწვრთნელად უმუშავია, ყველგან აქცენტს ქართველ ფეხბურთელებზე აკეთებდა, ბევრს გაუხსნა გზა და დაეხმარა. მისი ოჯახი (სამი შვილი ჰყავს, მეუღლე ქართველია) საქართველოში ცხოვრობდა და ცხოვრობს, რადგან წასვლაზე არასოდეს უფიქრია. მერიდება, ამას რომ ვწერ, მაგრამ ეს გაუგებარი და აგრესიული კომენტარები მაიძულებს, სააშკარაოზე გამოვტანო ფაქტები მისი და მისი ოჯახის ქველმოქმედებაზე. ომარის ოჯახი ეხმარებოდა და ეხმარება უამრავ ადამიანს. 2013 წლის 13 ივნისს მდინარე ვერის ხეობაში მომხდარი ტრაგედიის დროს უსახლკაროდ დარჩენილებს ფულადი სახსრებით და საოჯახო ნივთებით დაეხმარნენ – ასეთი უამრავი შემთხვევა იყო. საქართველო პატარაა, ყველა ერთმანეთს იცნობს, იკითხეთ, ვინ არის ომარ თეთრაძე, რომელსაც ბევრი ტკივილი მიაყენეს საქართველოში, გვარიც კი გადააკეთებინეს (თეთრაძე ბებიის გვარია), ოსიპოვს ვერ გათამაშებთო.

თბილისში დაბადებული, ეროვნებით ბერძენი, სულითა და გულით ქართველია, საქართველოზე შეყვარებული დიდი გულის ადამიანია, რომელსაც უნდა ქართული ფეხბურთის წარმატება და ყოველთვის ეხმარებოდა. რუსეთში მოთხოვნადია დღემდე, მაგრამ რამდენიმე შეთავაზებაზე უარი თქვა და „საბურთალოს“ წინადადებას დათანხმდა, რადგან მეგობრებს გვერდში დაუდგა. ომარის მეგობარი იყო „საბურთალოს“ დამფუძნებელი, ცხონებული ქართლოს ჭუმბურიძე, მისი მეგობარია ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელსაც კლუბის წინსვლა უკავშირდება. ძნელია, ასეთ ადამიანზე ზიზღით გაჟღენთილ კომენტარებს კითხულობდე და მშვიდად და ჩუმად იყო. მას საქართველო და ქართველი ხალხი მეორე რიგში არასდროს დაუყენებინა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსგავსი რამ დაუწერიათ და შემდეგ ბოდიში მოუხდიათ. ასე რომ, ასჯერ დაფიქრდით, სანამ წესიერ ადამიანს ჩირქს მოსცხებთ, რადგან სირცხვილია, წერდე ისეთ რამეს, რაც ცილისწამებაა. წარმატებები ქართულ ფეხბურთს, „საბურთალოს“ და ომარ თეთრაძეს“, – წერს მიხეილ კალატოზიშვილი.