მიხეილ კალანდიას საქმეზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხება
მიხეილ კალანდიას საქმეზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გრძელდება. დღეს ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხება.

მიხეილ კალანდიას ადვოკატ ზურაბ თოდუას განცხადებით, დღემდე სულ 20 მოწმეა დაკითხული, თუმცა მათგან არცერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი არ ყოფილა.

„მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო გამოძიება მიმდინარეობს. მიმდინარეობს ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა მოწმეთა დაკითხვის სახით. ველოდებით ბრალდებისგან ოთხ მოწმეს, რომლებიც სავარაუდოდ ბრალდების ინტერესებიდან გამომდინარე მისცემენ ჩვენებას. დღემდე დაახლოებით 20 მოწმეა დაკითხული. არცერთი მათგანი არსებითი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი არ ყოფილა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ზურაბ თოდუას თქმით, ამ საქმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს დახმარებით მტკიცებულებების მოპოვების ნაწილში დაკმაყოფილებულია და პროკურატურამ წარმოადგინა პირველ, 2 და 3 დეკემბერს ამ საქმესთან კავშირში მყოფ პირებს შორის სოციალური ქსელ „ფეისბუქით“ გავრცელებული ინფორმაცია. ადვოკატის თქმით, ამ მიმოწერით დასტურდება, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ გამოთქმული ბრალდება, რომ მან თავის მეგობრებს მოუწოდა ხანჯლებითა და დანებით შეიარაღებულები მოსულიყვნენ, არ დასტურდება. მისი განცხადებით, ეს მტკიცებულება სასამართლომ დასაშვებად ცნო და მისი გამოკვლევა სხვა მტკიცებულებებთან ერთად მოწმეთა დაკითხვების შემდეგ მოხდება.

„ამ მტკიცებულებით პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ გამოთქმული ბრალდება ზოგიერთი დაინტერესებული პოლიტიკური პირების მიერ, რომ თითქოს მან წინასწარ მოუწოდა თავის მეგობრებს ხანჯლებითა და დანებით შეიარაღებულები მოსულიყვნენ და ანგარიში გაეწიათ ვინმესთვის, არ დასტურდება. რამეთუ ეს მიმოწერები, ვიღაცებს რომ წაშლილი ეგონა და მირზა სუბელიანის განხორციელებული ზემოქმედების შედეგად გამოძიებით არ იქნა ამოღებული, გაბათილდა. მადლობა ცუკერბერგს, რომ ასეთი მტკიცებულება მოგვაწოდა. ეს მტკიცებულება სასამართლომ დასაშვებად ცნო, იგი არის სადაო და მისი გამოკვლევა მოხდება სხვა მტკიცებულებებთან ერთად თავის დროზე“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.

გამოძიება მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.