დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.
თენგიზ კალანდიას თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს მისი შვილი მიმალვას აპირებდა.
„ჩვენ მივდიოდით სასამართლოზე, სადაც მიხეილი უნდა დაკითხულიყო. ამ დროს დააკავეს. ამბობენ, გარბოდაო, რაც არ არის სიმართლე. ბავშვი უდანაშაულოა, არაფერი ფაქტი არ არსებობს. ხელში დანა არ ჭერია“, – განაცხადა თენგიზ კალანდიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა.
მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე თვე, პრაქტიკულად შეუჩერებლად აწარმოებდა ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე.
„სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მ. კ.-ს თანამონაწილეობის შესახებ“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
დაკავებული მიხეილ კალანდია ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფება.