მიხეილ კალანდიას ძმა და მამა არ გამორიცხავენ, რომ სამართალდამცველებმა ისინიც დააკავონ
მიხეილ კალანდიას ძმა და მამა არ გამორიცხავენ, რომ სამართალდამცველებმა ისინიც დააკავონ

პროკურორებს ნათქვამი აქვთ, რომ მიხეილ კალანდია არ იყო დამნაშავე, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმა ლუკა კალანდია აცხადებს.

როგორც ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საგამოძიებო უწყებაში სამ დეკემბერს სამართალდამცველებმა პირადად მისი, ასევე მამამისის, თენგიზ კალანდიას და არასრულწლოვანი ძმის,  მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ფიზიკური ზეწოლა განახორციელეს. ლუკა კალანდია ამბობს, რომ სამართალდამცველები მოითხოვდნენ დანაშაულის დაფარვის აღიარებას.

ლუკა კალანდია სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს მათ გავლენიანი მაღალჩინოსნები მფარველობდნენ.

„სამ დეკემბერს მე, ჩემი ძმა და მამაჩემი თენგიზ კალანდია მოგვიყვანეს შსს-ს შენობაში, მეხუთე სართულზე, სადაც ვიმყოფებოდით დაახლოებით 12 საათი. ამ პერიოდში ჩვენზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა, ვგულისხმობ ცემას. მესმოდა, როგორ სცემდნენ მამაჩემს გვერდით ოთახში. იგივე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც, ცემეს ჩემი ძმაც უმოწყალოდ.

მიხეილისთვის რომ ხელი დაეფარებინათ, ჩვენზე ვინმე ხელს აწევდა? სამართალდამცველებმა დანაშაულის დაფარვის საქმეზე დააკავეს ჩვენი უდანაშაულო მეგობრებიც. ისინი მოითხოვდნენ დანაშაულის დაფარვის აღიარებას. თუ იმას გულისხმობთ დაფარვაში, რომ ჩვენ გ.ჯ. წამოვიყვანეთ სახლში, ვაბანავეთ და შემდეგ საღამოს ოჯახს გადავეცით, ვაღიარებთ, რომ ეს ვქენით“, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

ლუკა კალანდიას ინფორმაციით, მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორებს ნათქვამი აქვთ, რომ მიხეილ კალანდია არ იყო დამნაშავე.

„ჩვენ ამ ხნის განმავლობაში დაკითხვებზე უამრავჯერ ვართ ნამყოფები. ყველამ უწყებაში იცის, რომ მიხეილი უდანაშაულოა. ეს იმ პროკურორებმაც ძალიან კარგად იციან, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ. მერაბ მორჩაძის საქმეზე იქყვნენ ისინი პროკურორები. ახლა სწორედ ისინი უნდა იყვნენ მიხეილის საქმის პროკურორები. იმ პროკურორებს, რომლებიც მიხეილის საქმის პროკურორები უნდა იყვნენ, ნათქვამი აქვთ, რომ მიხეილ კალანდია არ იყო დამნაშავე. თქვენ როგორ გგონიათ, დამნაშავე ბავშვი მიყვანილი გვყავდა რამდენჯერმე და უკან გვატანდნენ? რა სახის დაფარვა უნდა ყოფილიყო ჩვენი მაღალჩინოსნების მხრიდან? ასეთი დაფარვა რომ ყოფილიყო, მაშინ არც გვემდნენ და არც ზეწოლა მოხდებოდა“, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

ამასთან, ლუკა კალანდია მათ წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ პროცედურებს პოლიტიკური მოტივით განპირობებულ დაკავებებს უწოდებს.

„ბიძაჩემ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, კადრებზე რომ ამბობენ და აპელირებენ, არის ისეთი კადრები, რომელიც თურმე ქვეყანას დაანგრევს, მიხეილ კალანდია დაიჭირეს. სადაა მაშინ ის კადრები? ეს არის პოლიტიკური მოტივით განპირობებული დაკავება. არ გამოვრიცხავთ, საზოგადოების ნეგატიური ტალღისგან თავის დასაღწევად გადადგან ნაბიჯი და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ჩვენ დაგვაკავონ. ამჟამად გირაოთი ვართ გარეთ და არ გამოვრიცხავ, ასპარეზიდან მოგვაშორონ.  ჩვენ მზად ვართ ამისთვის. იმ პირების სახელები და გვარები, ვინც ჩვენზე ზეწოლა განახორციელა, ბევრისთვის ცნობილია და ჩვენი დაკავების შემთხვევაში ამ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით“, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.