მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები დაკითხეს
მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები დაკითხეს

სასამართლოს დახურულ სხდომაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ის ექიმები დაკითხეს, რომლებმაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს დავით სარალიძეს.

დამამძიმებელ გარემოებებში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი ამბობს რომ მოწმეებმა დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანი ჩვენება მისცეს სასამართლოს.

„აღნიშნულმა მოწმეებმა დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთეს, რომ სწორედ სამედიცინო მანიპულაციების შედეგად კონკრეტულ ჭრილობაზე გარკვეული სახის ზემოქმედება მოახდინა სამედიცინო მანიპულაციებმა, რაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ბრალდების მხარე უთითებს, რომ კონკრეტულად ამ ჭრილობით, ჭრილობა, რომელიც შესაძლოა, მიეყენებინა მიხეილ კალანდიას აბსოლუტურად გამორიცხავს ამ ბრალს. მედიკოსებმა თქვეს შესაძლოა, მცირედით გარკვეული დეფორმაცია მომხდარიყო სამედიცინო მანიპულაციებით. სწორედ ეს არის ბუნდოვანება, რომ შეუძლებელია იმ ჭრილობის დადგენა, შეუძლებელია იმ კონკრეტული დანის დადგენა, გამორიცხვის მეთოდით რომ რომელი ბასრი საგანი რომ ამ კონკრეტულ საგანს არ მიეყენებინა ეს კონკრეტული ჭრილობა“, – აცხადებს ადვოკატი ანა კოტეტიშვილი.

ადვოკატმა ასევე მოითხოვა დღევანდელ სხდომაზე მოწმეების დაკითხვა ღია სხდომაზე მომხდარიყო, რაც არ დაკმაყოფილდა.

„გაგრძელდა საქმის არსებითი განხილვა, დაიკითხნენ მოწმეები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, რომლებიც იმყოფებოდნენ დანაშაულის ჩადენის შემდგომ შემთხვევის ადგილზე, მათ გაუწიეს გარდაცვლილ პირს პირველადი სამედიცინო დახმარება და სწორედ ამ ფაქტების ირგვლივ ისაუბრეს. ხსენებულმა მოწმეებმა დაადასტურეს ფაქტობრივი გარემოებები, რაც პირდაპირ კავშირშია მოცემულ სისხლის სამართლის საქმეებთან“, – განაცხადა პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ.

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დასწრება სურდა დაზარალებული მხარის ზაზა სარალიძის ადვოკატს, თუმცა სასამართლომ განუმარტა, რომ ვიდრე მოწმის სახით არ მოხდებოდა ზაზა სარალიძის დაკითხვა, მანამდე დახურულ სასამართლო სხდომებს ვერ დაესწრებოდა.

საქმის განხილვა მოწმეების დაკითხვით 16 აგვისტოს განახლდება.