მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, დღევანდელ პროცესზე ზაზა სარალიძე აღარ დაიკითხება
მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, დღევანდელ პროცესზე ზაზა სარალიძე აღარ დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის სასამართლო სხდომები მოწმეების დაკითხვით გრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე დასაკითხად მივიდა დაზარალებული მხარე, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, თუმცა სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ საქმეში ახალი ადვოკატი ერთვება და მას დაზარალებული მხარის დასაკითხად მომზადება სჭრიდება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სარალიძე დღევანდელ სხდომაზე არ დაიკითხება.

სხვა მოწმეებთან მიმართებაში კი, მსგავსი შუამდგომლობა დაცვის მხარეს არ დაუყენებია.

დაზარალებულის ადვოკატს, ნესტან ლონდარიძეს ეჭვი აქვს, რომ მსგავსი პროცედურებით დაცვის მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ დაიკითხება დაზარალებული მხარე ზაზა სარალიძე, რადგან შეიცვალა ადვოკატთა შემადგენლობა. საქმეში ჩაერთო ახალი ადვოკატი, რომელიც შუამდგომლობს, რომ დაზარალებული მხარის დაკითხვისთვის მომზადება სჭირდება, მას წინააღმდეგობა არ გამოუთქვამს სხვა მოწმეების დაკითხვაზე, მხოლოდ ის მოითხოვა, ზაზა სარალიძე არ დაკითხულიყო დღეს. პროცესები რომ არ გაჭიანურდეს და სხვა მოწმეები დაიკითხოს, წინააღმდეგობა არ გამოვთქვით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, შესაძლებელია სხვა ადვოკატები ჩამოცილდნენ საქმეს და ამაზე ალბათ, თავად ისაუბრებენ. მინდა, ერთ გარემოებას გავუსვა ხაზი, რომ ეს არ ემსახურებოდეს მიმდინარე პროცესების დროს, ადვოკატების ასეთი ცვლილება, საქმის გაჭიანურებას და საქმის მიმდინარეობას არ შეუშალოს ხელი. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, მაქვს ეჭვი, თუმცა გვიჩვენებს ალბათ მიმდინარე პროცესები. ჩვენ მზად ვართ, უახლოეს პერიოდში პირველივე სასამართლო სხდომაზე მოხდეს ზაზა სარალიძის დაკითხვა“, – აღნიშნა ლონდარიძემ.

სხდომის დაწყებამდე დაცვის მხარეს განცხადება არ გაუკეთებია, მათ შორის არც იმ საკითხზე, რა მიზეზით მოხდა ბრალდებულის ადვოკატების ცვლილება.

პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს განცხადებას ბრალდების მხარე, თუ ვინ დაიკითხება დღევანდელ დახურულ სხდომაზე.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

დატოვე კომენტარი