მიხეილ კალანდიას ადვოკატი ხუთი მოწმის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს
მიხეილ კალანდიას ადვოკატი ხუთი მოწმის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა დღეს მთავარ პროკურატურაში სასამართლო პროცესებზე დაკითხული ხუთი მოწმის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს.

ადვოკატი ამ პირების მიმართ გამოძიების დაწყებას ორი მუხლით ითხოვს. ესენია: დანაშაულის შეუტყობინებლობა და დანაშაულის დაფარვა.

კალანდიას უფლებადამცველის განცხადებით, საუბარია იმ მოწმეებზე, რომლებიც 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულს დროს უშუალოდ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე.

„მე ამ საქმეში ჩავერთე 2019 წლის 16 აგვისტოდან. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემს მიერ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დაკითხული მოწმეებით, მოპოვებული ინფორმაციით და სხვა მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, საბოლოოდ დღეს მომეცა შესაძლებლობა, რომ რამდენიმე პირის მიმართ, კერძოდ ხუთი მოწმის მიმართ მივმართო გენერალურ პროკურატურას სათანადო საჩივრით და მოვითხოვო ამ პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, რამდენიმე მათგანის მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობა, ერთის შემთხვევაში დანაშაულის დაფარვა“, – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

ამასთან, დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება. ადვოკატის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე შესაძლოა, სასამართლომ დააკმაყოფილოს დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლო პროცესის ნაწილობრივ გასაჯაროების შესახებ.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.