მიხეილ კალანდიას ადვოკატი დღეს დაკითხული ორი მოწმის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს
მიხეილ კალანდიას ადვოკატი დღეს დაკითხული ორი მოწმის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა დღეს დაკითხული ორი მოწმის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს.

ამის შესახებ ზურაბ თოდუამ მიხეილ კალანდიას საქმეზე გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მოწმეებმა მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენებები მისცეს.

„ორშაბათს გენერალურ პროკურატურას ჩემგან ექნება საჩივარი. პირდაპირი დევნის დაწყების შესახებ ორი კონკრეტული მოწმის მიმართ, რომლებიც აშკარად ცრუ ჩვენებებს იძლევიან. ამავე დროს დაფარეს დანაშაული, რომლის შესახებაც ფლობდნენ ინფორმაციას. დაველოდებით რეაგირებას პროკურატურისგან. მოწმეები აშკარად ცრუ ჩვენებებს იძლევიან“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.

მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე სხვა მოწმეთა დაკითხვამ ცხადყო, რომ გამოძიებამ თავის დროზე შემთხვევის ადგილზე არსებული მტკიცებულებები სათანადოდ არ შეაფასა.

მიხეილ კალანდიას საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ოთხი მოწმე დაიკითხა, რომლებმაც ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ისაუბრეს.