მიხეილ კალანდიას ადვოკატი აცხადებს, რომ დღევანდელ პროცესზე დააყენებს შუამდგომლობას, ახალმა მოსამართლემ მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევა დაიწყოს
მიხეილ კალანდიას ადვოკატი აცხადებს, რომ დღევანდელ პროცესზე დააყენებს შუამდგომლობას, ახალმა მოსამართლემ მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევა დაიწყოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გაგრძელდება.

მიხეილ კალანდიას ადვოკატის ინფორმაციით, ის დღეს შუამდგომლობას დააყენებს, რომ ახალმა მოსამართლემ მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევა დაიწყოს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება, მოსამართლის აცილების შუამდგომლობასაც დააყენებს. როგორც ადვოკატი ამბობს, მას წარმოუდგენლად მიაჩნია მოსამართლის განცხადება, რომ იგი 70-ივე მოწმის ჩვენებებს გაეცნო.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე სავარაუდოდ ვერც ერთი მოწმის დაკითხვას ვერ მოვასწრებთ, რამეთუ მას შემდეგ, რაც სასამართლომ გადაწყვიტა სათადარიგო მოსამართლით ჩანაცვლება, ამან რიგი საკითხების გადახედვა გამოიწვია. კერძოდ, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპიდან ახალი მოსამართლის ჩართვა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს და მოვითხოვ, ახალმა მოსამართლემ დაიწყოს მტკიცებულებების ხელახლა ​გამოკვლევა. წარმოუდგენლად მიმაჩნია მოსამართლის განცხადება, თითქოს მან სიდი დისკებზე მოისმინა 70 მოწმის დაკითხვა და საქმის კურსშია. ყველა უნდა დაიკითხოს ხელახლა. მაშინ, როდესაც უკვე მოწმეების 50 პროცენტზე მეტია დაკითხული, ახალი მოსამართლით ჩანაცვლება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად მიიჩნევა. თუ ამ შუამდგომლობას არ დამიკმაყოფილებენ, მოსამართლის აცილების შუამდგომლობასაც დავაყენებ“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო. როგორც ადვოკატმა განცხადა, ეს აღნიშნულ საქმეზე მოსამართლის შეცვლამ გამოიწვია. ადვოკატის განმარტებით, საქმის განმხილველი მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი იყო, რომელიც გიორგი არევაძემ ჩაანაცვლა. მისივე თქმით, ამ მიზეზით მათ სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, რაც დაკმაყოფილდა.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.